სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი: "რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს შუალედური არჩევნები, აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინისადმი ურყევია"
08/11/2022 18:00:28 მსოფლიო
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ "რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს შუალედური არჩევნები, აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინისადმი ურყევია". შესაბამისი განცხადება სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში კარენ დონფრიდმა გააკეთა.
"კონგრესში წარმოდგენილია ბევრი განსხვავებული მოსაზრება და ჩვენ ვნახეთ, რომ კონგრესის წევრების დიდმა უმრავლესობამ, რესპუბლიკელებმა და დემოკრატებმა მკაფიოდ გამოხატეს უკრაინისადმი ურყევი მხარდაჭერა", – განაცხადა დონფრიდმა.
ცნობისთვის: დღეს აშშ-ში მნიშვნელოვანი შუალედური არჩევნები იმართება, რომლის შედეგიც დიდწილად განსაზღვრავს როგორც მოქმედი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის პოლიტიკურ მომავალს, ისე მისი წინამორბედის - დონალდ ტრამპისას, რომელმაც უკვე მიანიშნა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.
ამერიკელი დემოკრატები და ჯო ბაიდენი იბრძვიან იმისათვის, რათა შეინარჩუნონ უმრავლესობა კონგრესში და აქცენტს იმაზე აკეთებენ, რომ ეს არის გადამწყვეტი არჩევნები ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. რესპუბლიკელები კი აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას აწარმოებდნენ ისეთი საჭირბოროტო სოციალური საკითხების გარშემო, როგორებიცაა კორუფციისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა.
8 ნოემბრის შუალედურ არჩევნებში უნდა გაირკვეს აშშ-ის 118-ე კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ყველა, 435 ადგილის და ზედა პალატის, სენატის, 35 მანდატის მფლობელები და გამოვლინდეს 36 გუბერნატორის ვინაობაც. წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატებს უმრავლესობა ჰქონდათ 2019 წლის 3 იანვრიდან, 2018 წლის არჩევნების შედეგად, როცა მათ წილად ხვდათ 235 ადგილი. 2020 წლის არჩევნების დროს მათი უმრავლესობა 222-მდე შემცირდა.
პროგნოზებით მიხედვით, წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელები ალბათ მოიპოვებენ უმრავლესობას, მაგრამ სენატის კონტროლისთვის უფრო მძაფრი ბრძოლა იქნება.


