„საკითხი მწვავე გახდა“: რუსეთის სკოლებში მოზარდების ომისთვის მომზადებას სასწავლო დროის 13% დაუთმობენ
08/11/2022 10:16:03 მსოფლიო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მხარი დაუჭირა სკოლებსა და ტექნიკურ სასწავლებლებში საბაზისო სამხედრო მომზადების აღორძინებას, რომელიც გაუქმდა 1980-იანი წლების ბოლოს. ამისთვის უნდა გამოიყოს სასწავლო დროის 140 საათი უფროს კლასელებისთვის და სწავლებაში ჩართული უნდა იყვნენ საბრძოლო გამოცდილების მქონე ოფიცრები. ამის შესახებ საუბარია მინისტრის პირველი მოადგილის ვალერი გერასიმოვის წერილში პარტია „სამართლიანი რუსეთის“ ლიდერის სერგეი მირონოვისადმი, რომელიც ინიციატივის ავტორი იყო,– წერს „იზვესტია“.
მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ამ მიზნით მასწავლებლები უნდა გადამზადდნენ, ხოლო პედაგოგთა დეფიციტის შემთხვევაში, საქმეში უნდა ჩართონ სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც კონტრაქით მსახურობდნენ ოფიცერთა თანამდებობებზე, ასევე სამხედრო მოქმედებებში მონაწილენი.
2022-2023 სასწავლო წლის რუსული სასკოლო კალენდრის მიხედვით, მე-10 და მე-11 კლასებში დაახლოებით 1122 საკლასო საათია, კლასგარეშე საათების გამოკლებით, – წერს Meduza. ამრიგად, სკოლის მოსწავლეების ომისთვის მომზადებას დაახლოებით 13% დაუთმობენ.
სამხედრო წვრთნების შემოღება ხელს შეუწყობს ათიათასობით სამხედრო მოსამსახურის დასაქმებას და სტუდენტების მომზადებას "მტერთან შესაძლო დაპირისპირებისთვის", - თქვა მირონოვმა.
მისი თქმით, „სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებისთანავე ეს საკითხი განსაკუთრებით მწვავე გახდა. ბევრ მოხალისესაც კი არ აქვს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის საჭირო გამოცდილება“.
მანამდე რუსეთის განათლების სამინისტრო გამოვიდა მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეების სამხედრო და სამედიცინო მომზადებაში ჩართვის ინიციატივით. სკოლის მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ პირველადი დახმარების გაწევა დაზიანებების, ჭრილობების, სისხლდენის, დამწვრობის, მოწამვლის და ა.შ. შემთხვევებში, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და ხელყუმბარის გამოყენება.


