რუსეთის მიერ ირანული ბალისტიკური რაკეტების შეძენის შემთხვევაში უკრაინა არ გამორიცხავს, რომ იარაღი გაშვების ადგილზე გაანადგურონ
08/11/2022 10:05:40 მსოფლიო
რუსეთის მიერ ირანული ბალისტიკური რაკეტების შეძენის შემთხვევაში უკრაინა არ გამორიცხავს, რომ იარაღი გაშვების ადგილზე გაანადგურონ. შესაბამისი განცხადება უკრაინის საჰაერო ძალების პრე–სპიკერმა იური იჰნატმა გააკეთა.
უკრაინის საჰაერო ძალებში აღნიშნავენ, რომ ქვეყნისთვის ახლახანს მიწოდებული დასავლური საჰაერო თავდაცვის სისტემები დაეხმარება კიევს, გაუმკლავდეს ახალ საფრთხეს, რომელიც ირანულ ბალისტიკურ რაკეტებს უკავშირდება.
მისი თქმით, რაკეტების გაშვების ობიექტები სავარაუდოდ, რუსეთის შიგნით იქნება.
"ისინი როგორმე უნდა განადგურდეს, ალბათ, იმ ადგილზევე საიდანაც გაშვება იქნება დაგეგმილი, იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს ეფექტური საშუალება ბალისტიკურ [რაკეტებთან] საბრძოლველად, გარდა მათი ფიზიკური განადგურებისა გაშვების ადგილზე", – განაცხადა იური იჰნატმა.
როგორც მან აღნიშნა, "უკრაინის უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობა, ასევე ქვეყნის პარტნიორები მუშაობენ ამ საკითხზე და ეძებენ ეფექტურ გზებს ამ ახალი საფრთხეების დასაძლევად".
მისი განცხადებით, რუსებმა ვერ მიაღწიეს პროგრესს ბრძოლის ველზე და ამიტომ აგრძელებენ უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე თავდასხმებს.
"ნათელია, რომ ირანული რაკეტები გამოყენებული იქნება ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე იერიშისთვის", – დასძინა მან.
უკრაინისა და დასავლური მედიის ცნობით ირანი რუსეთისთვის უკრაინაში გამოსაყენებლად ბალისტიკური რაკეტებისა დამატებითი "დრონების" მიწოდებას გეგმავს.


