უკრაინის გენშტაბი: "რუსეთის შეტევა მოგერიებულია 10 დასახლებულ პუნქტთან"
08/11/2022 06:32:27 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში თავდაცვის ძალებმა რუსული ჯარების შეტევა მოიგერიეს ლუგანსკის ოლქის 1 და დონეცკის ოლქის 9 დასახლებულ პუნქტთან. უკრაინის ამ ნაწილში მოწინააღმდეგე შეტევებს განაგრძობს ბახმუტის, ავდეევკის და ნოვოპავლოვკის მიმართულებებით.
უკრაინის არმიის სარდლობის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე, მათ შორის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განახორციელეს 9 სარაკეტო და 37 საავიაციო დარტყმა და 100-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. საავიაციო და სარაკეტო დარტყმების შედეგად დაზარალდა დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, ხერსონის და ნიკოლაევის ოლქების 25-ზე მეტი დასახლებული პუნქტი. ამ და სხვა მიმართულებებით მოწინააღმდეგე ისევ აქტიურად იყენებს ტანკებს და არტილერიასაც.
უკრაინის გენერალური შტაბის ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 24 საათში თავდაცვის ძალების ავიაციამ განახორციელა 24 დარტყმა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, სამხედრო ტექნიკის და საჰაერო თავდაცვის სისტემების თავმოყრის რაიონებზე. უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს რუსეთის არმიის თვითმფრინავი სუ-25 და 5 უპილოტო საფრენი აპარატი, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს მოწინააღმდეგის მართვის 5 პუნქტი, ცოცხალი ძალის და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის 2 ადგილი, საბრძოლო მასალების 2 საწყობი და ამდენივე საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი.


