Accentnews.ge
ოლიგარქ ალიშერ უსმანოვს გერმანიაში შენახული ნახატებიც ჩამოართვეს

ოლიგარქ ალიშერ უსმანოვს გერმანიაში შენახული ნახატებიც ჩამოართვეს

08/11/2022 05:41:44 მსოფლიო

გერმანელმა გამომძიებლებმა კონფისკაცია გაუკეთეს ქალაქ ჰამბურგში, ხელოვნების ნიმუშთა ერთ-ერთ საცავში შენახულ 30 ნახატს, რომლებიც მანამდე, რუსი ოლიგარქის ალიშერ უსმანოვის იახტა „დილბარ“-ის ინტერიერის ნაწილი იყო, – იუწყება გერმანული გამოცემა Süddeutsche Zeitung.

მისი ცნობით, ხელოვნების ნიმუშთა შორისაა მარკ შაგალის ნახატი.

უსმანოვი, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაშია, ვალდებული იყო გერმანიის ხელისფლებისთვის ეცნობებინა, რა ქონებას ფლობს გერმანიაში, რაც არ გააკეთა. ამ ქონებაში შედის 5 მილიონ ევროდ შეფასებული ნახატებიც, რომლებსაც საცავში ინახავდნენ.

2022 წლის მარტში გერმანიის ხელისუფლებამ ალიშერ უსმანოვს დაუპატიმრა 600 მილიონ დოლარად ღირებული იახტა „დილბარი“, რომელიც ჰამბურგის პორტში იმყოფებოდა და ოფიციალურად მისი დის სახელზეა გაფორმებული. უსმანოვის დაც ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა შორისაა. 2022 წლის სექტემბრის ბოლოს გერმანელმა გამომძიებლებმა გაჩხრიკეს ბავარიაში მდებარე ვილა, რომლის რეალურ მფლობელად ალიშერ უსმანოვია მიჩნეული.

გერმანული მედიის ცნობით, ოლიგარქი ეჭვმიტანილია 500 მილიონი ევროს გადასახადების დამალვასა და ფულის გათეთრებაში. თავად უსმანოვი უარყოფს, რომ გერმანიაში ქონებას ფლობს და აცხადებს, რომ ყველაფერი გაფორმებულია ფონდებზე, რომლებსაც თავად არ აკონტროლებს.

სამთო-მეტალურგიული ჰოლდინგის "მეტალოინვესტი" მფლობელი, 69 წლის ალიშერ უსმანოვი რუსეთში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. გამოცემა Forbes-ის თანახმად, უსმანოვის ქონება 11.5 მილიარდი დოლარია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S