აშშ ადასტურებს, რომ რუსეთთან კომუნიკაციის არხები ღიაა
08/11/2022 05:40:23 მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა დაადასტურა, რომ აშშ-ს რუსეთთან კომუნიკაციის არხები ღია აქვს.
"მოსკოვთან კონტაქტი საჭიროა რისკების შესამცირებლად", - განაცხადა სალივანმა ნიუ-იორკის ეკონომიკურ კლუბში სიტყვით გამოსვლისას.
7 ნოემბერს გამოცემა The Wall Street Journal წერდა, რომ ბოლო თვეებში, ჯეიკ სალივანს კონფიდენციალური საუბრები ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველთან საგარეო პოლიტიკის საკითხებში იური უშაკოვთან და უშიშროების საბჭოს მდივან ნიკოლაი პატრუშევთან. ამერიკული გამოცემის წყაროთა თანახმად, ამ საუბრების მიზანი იყო არა უკრაინაში ომის გადაწყვეტის საკითხის განხილვა, არამედ უკრაინის გამო გაცილებით ფართომასშტაბიანი კონფლიქტის რისკის შემცირება და მოსკოვის გაფრთხილება, არ გამოიყენოს ბირთვული ან მასობრივი განადგურების სხვა იარაღი.


