კრემლი მიიჩნევს, რომ ხერსონიდან უკან დახევა "არასასურველი, მაგრამ სავარაუდოა", უკვე მოამზადეს გეგმა პროპაგანდისტებისთვის – მედია
07/11/2022 19:48:09 მსოფლიო
კრემლი მიიჩნევს, რომ ხერსონიდან უკან დახევა "არასასურველი, მაგრამ სავარაუდოა". მათ უკვე მოამზადეს გეგმა პროპაგანდისტებისთვის, თუ როგორ უნდა აუხსნან რუსებს, რა შეიძლება იყოს რუსეთის მთავარი მარცხი ამ ომში,– იუწყება „მედუზა“ კრემლთან დაახლოებულ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
მათი თქმით, ხერსონიდან ჯარის გაყვანის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება პირადად რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უნდა მიიღოს პროცესში „შიდა წრის“ ჩართულობით, რომელიც ომის დაწყების შემდეგ ძირითადად უშიშროების მაღალჩინოსნებისაგან შედგება.
„მედუზას“ წყაროების მიხედვით, რუსეთის ხელისუფლება ხერსონის დათმობას „არასასურველ“, მაგრამ „სავარაუდო“ სცენარად მიიჩნევს. მეტიც, ისინი აღიარებენ, რომ სიტუაცია ამჟამად სრულად უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელშია.
”თუ არ იქნება მასიური შეტევა, მაშინ არ იქნება დანებება”, - განმარტავს ერთ-ერთი მათგანი. ”ხოლო თუ იქნება [შეტევა], ძალიან, ძალიან სავარაუდოა[უკან დახევა].”
ოქტომბრის ბოლოს ხერსონის რეგიონიდან რუსეთის მიერ დანიშნული ოფიციალური პირები გადავიდნენ დნეპრის მარცხენა სანაპიროზე. გასულ კვირას კი რუსეთის დროშა ქალაქის ადმინისტრაციის შენობიდან გაუჩინარდა იმ საგუშაგოებთან ერთად, რომლებიც რუს სამხედროებს ჰქონდათ ჩერნობაევკაში, სტეპანოვკაში და ბელოზერკაში. თავად უკრაინული მხარე სიფრთხილით ეკიდება მსგავს ცნობებს და როგორც აცხადებენ, რუსული ძალები უკან დახევის ილუზიის შექმნას ცდილობენ.
ამასთან, იმის შესახებ, რომ ხერსონთან დაკავშირებით „არ არის გამორიცხული რთული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა“, თავის პირველ საჯარო ინტერვიუში განაცხადა უკრაინაში რუსული ჯარების მეთაურმა, გენერალმა სერგეი სუროვიკინმა.
Politico-ს დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით დასავლელმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა, რომ რუსეთის ჯარებს იარაღის „კრიტიკულად დეფიციტი“ აქვთ, რაც მათ აიძულებთ, მოძებნონ თავდაცვისთვის უფრო ხელსაყრელი პოზიციები.
მისი თქმით, გაყვანის გადაწყვეტილება "მიბმულია რუსეთის გრძელვადიან სტრატეგიულ გადაწყვეტილებებთან იმის შესახებ, თუ სად შეძლებენ თავდაცვას უკეთესად, მარაგის და ცოცხალი ძალის შენარჩუნებას და მომზადებას ზამთრისთვის".


