
85% სრულად ან მეტ-ნაკლებად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს – IRI -ის კვლევა
07/11/2022 15:26:41 საზოგადოება
"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგები ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესისადმი მტკიცე საზოგადოებრივ მხარდაჭერას ადასტურებს. კერძოდ, გამოკითხულთა 85% სრულად ან მეტ-ნაკლებად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს. მათ შორის, 60%–ის მხარდაჭერა უცვლელია, თუნდაც ეს არჩევანი განაპირობებდეს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაწყვეტას.
„საქართველოს მოქალაქეებში მოთხოვნა, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი კვლავ მაღალია. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს საქართველოს მოქალაქეების მრავალწლიანი, ურყევი სურვილი, რომ დაუბრუნდნენ ევროპულ ოჯახს, რასაც ჩვენი ბოლო კვლევაც ადასტურებს“, - განაცხადა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის წარმომადგენლობის დირექტორმა სტივენ ნიქსმა.
ამასთან, გამოკითხულ მოქალაქეთა 64% საქართველოს მთავრობას/მმართველ პარტიას აკისრებს პასუხისმგებლობას იმ შემთხვევაში თუ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ვერ მოიპოვებს.
კითხვაზე, თუ საქართველო წარუმატებელი აღმოჩნდება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვების მხრივ, ვინ იქნება პასუხისმგებელი შედეგზე?, გამოკითხულ მოქალაქეთა პასუხები შემდეგნაირად გამოიყურება:
- 64% - საქართველოს მთავრობა/მმართველი პარტია;
- 8% - ოპოზიციური პარტიები;
- 6% - ევროკავშირი;
- 2% - რუსეთის ომი უკრაინაში;
- 1% - სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები;
- 3% - სხვა;
- 17% - არ ვიცი / უარი პასუხზე;
IRI-ის დაკვეთით კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდში. საველე სამუშაოები კომპანია IPM-მა ჩაატარა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით რესპონდენტთა სახლებში. მრავალეტაპიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა 1500 სრულწლოვანი მოქალაქე. ცდომილების ზღვარი +/- 2.5%-ია.