მედია: ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთის მიმართულებით საეჭვო მატარებელი მიემგზავრება
06/11/2022 18:36:44 მსოფლიო
საეჭვო მატარებელი ფხენიანიდან რუსეთში გაემგზავრა მას შემდეგ, რაც აშშ-მა მოსკოვისთვის ჩრდილოეთ კორეიდან იარაღის მიწოდების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, - იუწყება Reuters პროექტ 38 North-ზე დაყრდნობით.
პროექტი - 38 North, რომელიც მონიტორინგს უწევს ჩრდილოეთ კორეაში მიმდინარე მოვლენებს, წერს, რომ ასეთი მატარებლის მოძრაობა ამ ხაზზე რამდენიმე წლის განმავლობაში პირველად შეინიშნება.
მატარებლის დანიშნულების დადგენა შეუძლებელია სატელიტური სურათებით, მაგრამ მატარებლის გადაადგილება ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთში იარაღის მიყიდვის შესახებ ცნობებისა და ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის განახლების ზოგადი მოლოდინის ფონზე მიმდინარეობს - წერს 38 North.
38 North-ის გამომძიებლები ასევე აღნიშნავენ, რომ ინდუსტრიული ზონა DPRK-ის ტერიტორიაზე რუსეთთან საზღვართან ახლოს 2021 წლის ბოლოს გაფართოვდა და აღადგინეს, მაგრამ ჯერ არ გამოუყენებიათ.
რუსეთსა და DPRK-ს შორის ტრანსსასაზღვრო მიმოსვლის აღდგენა მას შემდეგ მოხდა, რაც სექტემბერში ორი ქვეყანა პანდემიის გამო შეწყვეტილი სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე შეთანხმდა.
შეგახსენებთ, რომ, ოთხშაბათს, 2 ნოემბერს აშშ-მა ჩრდილოეთ კორეა რუსეთისთვის საარტილერიო ჭურვების ფარულად მიწოდებაში დაადანაშაულა.
ჩრდილოეთ კორეამ სექტემბერში განაცხადა, რომ რუსეთისთვის იარაღი ან საბრძოლო მასალა არასოდეს მიუწოდებია და არ აპირებს ამის გაკეთებას.


