
" ვულოცავ „თენეოს“ გუნდს, მჯერა, ეს დიდი გამარჯვება მეტ სტიმულს მისცემს სამეწარმეო სულისკვეთებისა და ინოვაციური იდეების განვითარებას ჩვენს ქვეყანაში"
05/11/2022 13:30:06 პოლიტიკა, საზოგადოება
ვულოცავ პირადად ანუკი რობაქიძეს და „თენეოს“ მთელს გუნდს, მჯერა, ეს დიდი გამარჯვება კიდევ უფრო მეტ სტიმულს მისცემს სამეწარმეო სულისკვეთებისა და ინოვაციური იდეების განვითარებას ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ქართველმა სტარტაპერებმა წარმატება მოიპოვეს.
„Theneo – ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ვებპლათფორმა – ყველაზე მნიშვნელოვანი სტარტაპკონკურსის – PITCH-ის გამარჯვებულია.
კონკურსი პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში, მასშტაბური ტექნოლოგიური კონფერენციის – Web Summit-ის ფარგლებში, ჩატარდა.
ეს მიღწევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართული სტარტაპები ძალიან კონკურენტუნარიანია საერთაშორისო ბაზარზე.
პროექტის განხორციელება სახელმწიფოს თანადგომით, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დაფინანსებით გახდა შესაძლებელი.
მთავრობის ძალისხმევა მიმართულია ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობისაკენ. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ ნიჭიერი ახალგაზრდების ინოვაციური პროექტების მხარდაჭერას.
ვულოცავ პირადად ანუკი რობაქიძეს და „თენეოს“ მთელს გუნდს. მჯერა, რომ ეს დიდი გამარჯვება კიდევ უფრო მეტ სტიმულს მისცემს სამეწარმეო სულისკვეთებისა და ინოვაციური იდეების განვითარებას ჩვენს ქვეყანაში“, – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.