პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც მძიმე დანაშაულების ჩამდენ პირებს არმიაში სამსახურის უფლებას აძლევს
04/11/2022 16:34:43 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც მძიმე დანაშაულების ჩამდენ პირებს არმიაში სამსახურის უფლებას აძლევს.
დღეს პუტინმა განაცხადა, რომ ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანების მსურველთა ნაკადი არ მცირდება და მობილიზებულთა რაოდენობამ 318 000–ს ადამიანს მიაღწია. მისი თქმით, 318 000–დან 18 000 მოხალისე იყო.
როგორც მან აღნიშნა 318 000-დან 49 000 ადამიანი უკვე ჯარშია და საბრძოლო დავალებებს ასრულებს, დანარჩენები კი წვრთნებს გადიან.
რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ თებერვალში უკრაინის ფართო ტერიტორიები დაიპყრო. თუმცა რამდენიმე თვის განმავლობაში ჯარისა და ტერიტორიების მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა ძირითადად უკრაინის ორმხრივი კონტრშეტევის გამო.
მას შემდეგ რაც პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა ათობით ათასმა რუსმა მამაკაცმა დატოვა ქვეყანა, რუსეთის ბევრს ნაწილში, იმართებოდა საპროტესტო გამოსვლები, რომლებიც უშიშროების ძალების მიერ სწრაფად იხშობოდა. გავრცელდა ათობით ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია როგორ უჩივიან მობილიზებულები საკვების, ტანსაცმლის, აღჭურვილობისა და საცხოვრებლის ნაკლებობას.


