პენტაგონი: ბირთვული იარაღის გამოყენება ჩრდილოეთ კორეის რეჟიმს დასასრულად ექცევა
04/11/2022 10:13:03 მსოფლიო
აშშ-ისა და სამხრეთ კორეის თავდაცვის უწყებები აფრთხილებენ ფხენიანს, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება კიმ ჩენ ინის რეჟიმს დასასრულად ექცევა.
კომუნიკეში, რომელიც ვაშინგტონში გამართული შეხვედრის შედეგად იქნა მიღებული, ნათქვამია, რომ აშშ-ის ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ ბირთვული, მათ შორის ტაქტიკური იარაღის ნებისმიერ გამოყენებას “გამანადგურებელი პასუხი გაეცემა".
მინისტრები ასევე შეთანხმდნენ, გაახანგრძლივონ სამხრეთ კორეაში მიმდინარე წვრთნები , - იუწყება “ამერიკის ხმა”.
ვაშინგონის შეხვედრა ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული ქობინების მზიდი ბალისტიკური რაკეტების გამოცდის გახშირებას მოჰყვა.
ამასთანავე, სამხრეთ კორეამ დღეს 80 გამანადგურებელი აუშვა ჰაერში, მათ შორის – F-35A-ები, მას შემდეგ, რაც მხარეთა დაშორიშორების ხაზთან ჩრდილოეთ კორეის 180-მდე საბრძოლო თვითმფრინავი დაფიქსირდა. მანამდე კი, ღამით ჩრდილოეთ კორეამ ზღვაში 20-მდე რაკეტა გაუშვა, მათ შორის ერთი – კონტინენტთაშორისი ბალისტიკური.


