
რუსი ტელეწამყვანი, რომელსაც ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული, თბილისშია: "საზღვარზე გულითადად შეგვხვდნენ, დიახ, აფხაზეთში ნამყოფი ვარ"
04/11/2022 06:15:36 საზოგადოება
რუსი ტელეწამყვანი ქსენია ბოროდინა, რომელსაც ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული, თბილისში ისვენებს, – იუწყება ტელეკომპანია "ფორმულა".
მისი თქმით, აფხაზეთში ნამყოფია.
"არა, არანაირი კითხვები [საზღვარზე], მშვიდად შემოვედი, ძალიან გულითადად შეგვხვდნენ, ძალიან სასიამოვნოდ. როდესაც გავაჟღერე [რუსეთში], რომ აქ მოვდიოდი, მითხრეს, რომ შეიძლება ყოფილიყო რაღაც პრობლემები, თუმცა არანაირი პრობლემა არ ყოფილა, ყველაფერი კარგადაა. დიახ, ვიყავი აფხაზეთში, დავარღვიე [კანონი]? რატომ? მე არ ვიცი ამის შესახებ. ახლოს ვიყავი, მეგობრებთან ერთად ვმოგზაურობდი და წავედით აფხაზეთში. საზღვარზე ამის შესახებ კითხვა არ დაუსვამთ. აფხაზეთში გავლით ვიყავი", - განაცხადა, "ფორმულას" ცნობით, ბოროდინამ.
საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ (მუხლი 4. თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე) ვკითხულობთ:
1. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა დაშვებულია მხოლოდ:
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებზე – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან;
ბ) ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე) – გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრულის გარდა, ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის აკრძალულია და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით.
3. განსაკუთრებულ შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე შეიძლება გაიცეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე აკრძალული მიმართულებებიდან შესვლის სპეციალური ნებართვა საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, თუ ეს ემსახურება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, დეოკუპაციის, ომით დაზარალებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის ან ჰუმანიტარულ მიზნებს.