ISW – აპირებს თუ არა რუსეთი ქალაქ ხერსონისთვის ბრძოლის გაგრძელებას ჯერჯერობით გაურკვეველია
04/11/2022 06:42:13 მსოფლიო
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, "ომის შემსწავლელი ინსტიტუტის" (ISW) მონაცემებით, რუსეთს უკრაინის ხერსონის ოლქის ჩრდილო-დასავლეთიდან გაჰყავს ზოგიერთი სამხედრო ქვედანაყოფი, მაგრამ ჯერ–ჯერობით გაურკვეველია, აპირებს თუ არა ქალაქ ხერსონის დატოვებას, ან მისთვის ბრძოლის გაგრძელებას.
ხერსონის ოლქის საოკუპაციო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა კირილ სტრემოუსოვმა 3 ნოემბერს განაცხადა, რომ რუსეთის ჯარები სავარაუდოდ, გადაინაცვლებენ მდინარე დნეპრის მარცხენა, აღმოსავლეთ ნაპირზე და ქალაქ ხერსონის მცხოვრებთ ევაკუაციისკენ მოუწოდა.
ამასთან, ამერიკელი ანალიტიკოსები მიუთითებენ, რომ რუსი სამხედროები განაგრძობენ მარცხენა ნაპირზე სათადარიგო პოზიციების შექმნას და თავდაცვით პოზიციებს ისევ ამზადებენ ქალაქ ხერსონის ჩრდილო-დასავლეთით, სადაც დამატებით, მობილიზებულ ძალებსაც აგზავნიან.
ომის შემსწავლელი ინსტიტუტის თანახმად, მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე მოქმედებას განაგრძობენ რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების ქვედანაყოფები და საზღვაო ქვეითები. ამერიკელი ანალიტიკოსების შეფასებით, სწორედ მათი გაყვანა იქნებოდა იმის უფრო მკაფიო მაჩვენებელი, რომ რუსეთი არ აპირებს ქალაქ ხერსონისთვის ბრძოლას.
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინის შეფასებით, უკრაინის არმიას აქვს ხერსონში, მდინარე დნეპრის დასავლეთ ნაპირზე ტერიტორიების დაბრუნების შესაძლებლობა.
უკრაინის არმიამ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხერსონის ოლქში კონტრშეტევა ზაფხულში დაიწყო და ათეულობით დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა.


