ანკარა - აშშ-მა თურქეთისთვის F-16-ების მიყიდვის გადაწყვეტილება შესაძლოა, ორ თვეში მიიღოს
04/11/2022 06:26:15 მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის პრეს–სპიკერის იბრაჰიმ კალინის განცხადებით, თურქეთისთვის F-16 ტიპის გამანადგურებლების მიყიდვის დამტკიცების პროცესი კარგად მიმდინარეობს და შეიძლება, ორ თვეში დასრულდეს.
„მკაფიო პროგნოზის გაკეთება არც ისე ადვილია, მაგრამ დიდია ალბათობა, რომ პროცესი დასრულდეს ორ თვეში“, - განაცხადა კალინმა.
თურქეთმა შეერთებულ შტატებს 2021 წლის ოქტომბერში თხოვნით მიმართა, შეეძინა 40 ერთეული F-16 ტიპის გამანადგურებელი და თითქმის 80 მოდერნიზაციის ნაკრები საბრძოლო თვითმფრინავებისთვის, რაც მას F-35-ების შესყიდვის ჩაშლის შემდეგ საჰაერო ძალების ფლოტის განახლებისთვის სჭირდება. აშშ-ის კონგრესში თურქეთის მიმართ განწყობა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მას შემდეგ გაუარესდა, რაც ანკარამ რუსული წარმოების სარაკეტო სისტემები შეიძინა, რასაც აშშ-ის მხრიდან სანქციების დაწესება და თურქეთის F-35 გამანადგურებელი თვითმფრინავის პროგრამიდან გაძევება მოჰყვა.


