რა მარშრუტებით ამარაგებს ირანი რუსეთს იარაღით: უკრაინის წინააღმდეგობის ცენტრის ანგარიში
03/11/2022 18:28:11 მსოფლიო
ირანი რუსეთში კამიკაძე-დრონების მიწოდებისთვის იყენებს ორ ძირითად ლოგისტიკურ მარშრუტს - საჰაეროს და საზღვაოს,– ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრი იტყობინება.
მისი მონაცემებით, საჰაერო მიწოდებას ახორციელებს ოთხი კომპანია: სამი სახელმწიფო (Iran Air, Pouya Air, Saha Airlines) და ერთი კერძო (Mahan Air).
„12-დან 18 ოქტომბრის ჩათვლით თეირანი-მოსკოვის მარშრუტზე მხოლოდ Pouya Air-მა შეასრულა 5 სატვირთო რეისი. უნდა გვახსოვდეს, რომ სატვირთო თვითმფრინავების ფლოტის უმეტესი ნაწილი რუსული IL-76-ებია“, - აღნიშნავს უკრაინის ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრი.
რაც შეეხება დრონების საზღვაო გზით მიწოდებას, ცენტრის მონაცემებით, აღნიშნული ხორციელდება კასპიის ზღვის გავლით:
„დოკუმენტების მიხედვით, ირანელები სამოქალაქო ავიაციის სათადარიგო ნაწილების გადაზიდვას ბანდარ –ანზალის პორტის გამოყენებით ახორციელებენ. დანიშნულები ადგილია ასტრახანი ან მახაჩკალა. ტრანსპორტირებას ახორციელებენ ირანის ინდუსტრიული კომპანიის გემები (აკონტროლებს ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი). კერძოდ, ნოემბრის დასაწყისში ასტრახანის საზღვაო მარშრუტით, სავარაუდოდ, 200 დაშლილი დრონი ჩავა“.
ცენტრის ცნობით, ირანი იყენებს ქარხნებს სირიაში და ტაჯიკეთში დრონების წარმოებისთვის და ასევე არსებობს ბელარუსში უპილოტო საფრენი აპარატების ჰაბის შექმნის რისკები.
„წინასწარი მონაცემებით, ირანს თვეში 150-მდე დრონის წარმოება შეუძლია. ისინი ჩინეთიდან იღებენ ნაწილებს სანქციების გვერდის ავლით, რაც მათ საშუალებას აძლევს, არ იღელვონ მათი დეფიციტის გამო. უპილოტო საფრენი აპარატების შესახებ რუსეთის ფედერაციის მნიშვნელოვანი მოთხოვნის გათვალისწინებით, ყველა მითითებული საწარმოო ადგილი და მიწოდების მარშრუტები აუცილებლად ჩაირთვება“, - იუწყება უკრაინის ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრი.
უწყების ცნობით, ირანი რუსეთს „აქტიურად ამარაგებს“ უპილოტო საფრენი აპარატების შემდეგი მოდელებით: Mohajer, Arash-1 და Arash-2, Shahed-131 და Shahed-136.


