Accentnews.ge
კიევი: რუსეთიდან ბელარუსში 1,5 ათასამდე სარკინიგზო პლატფორმა ჩავიდა შეიარაღებითა და სამხედრო ტექნიკით

კიევი: რუსეთიდან ბელარუსში 1,5 ათასამდე სარკინიგზო პლატფორმა ჩავიდა შეიარაღებითა და სამხედრო ტექნიკით

03/11/2022 16:46:53 მსოფლიო

ოქტომბრის თვეში რუსეთმა ბელარუსში რკინიგზით სამხედრო ტექნიკა, ქონება და ცოცხალი ძალა გადაისროლა. სულ, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, ამ პერიოდში გადასროლილია დაახლოებით 1,5 ათასი სარკინიგზო პლატფორმა შეიარაღებითა და სამხედრო ტექნიკით, 200-მდე სამგზავრო და 100-ზე მეტი სატვირთო ვაგონი.

მთავარი ოპერატიული სამმართველოს ხელმძღვანელის მოადგილის, ბრიგადის გენერალ ალექსეი გრომოვის ინფორმაციით, ამჟამად რუსეთი ბელარუსისკენ უმთავრესად პირველი სატანკო არმიის, კერძოდ მეორე მოტომსროლელი დივიზიის ქვედანაყოფებს გზავნის.

“რუსეთის ტერიტორიიდან ტექნიკასთან ერთად იგზავნებიან მობილიზებულები, რომლებსაც ბელარუსის ძირითად სამხედრო პოლიგონებზე აბინავებენ” – აღნიშნა გრომოვმა.

მისივე თქმით, რუსეთი განაგრძობს ბელარუსის გამოყენებას უკრაინის ტერიტორიის დასაბომბად და ძირითადი როლი ამმხრივ ეკისრება ბრესტის ოლქის დაბა ლუნინეცის მიდამოებში მდებარე ავიაბაზას, რომელზეც ირანული წარმოების დრონები და მათი ოპერატორების გარკვეული რაოდენობაა განთავსებული.

მთლიანობაში, გრომოვის შეფასებით, ომში ბელარუსის ჩაბმის კუთხით ვითარება “არაერთმნიშვნელოვანი” რჩება: “ერთის მხრივ, განცხადებები და ქმედებები მეტყველებს იმაზე, რომ მათ მიმდინარე ამოცანას წარმოადგენს უკრაინული ძალების იძულება, ყურადღების კონცენტრაცია აღმოსავლეთ და სამხრეთ მიმართულებებიდან ნაწილობრივ ჩრდილოეთზე გადაიტანონ. თუმცა უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში არსებობს იმ დაჯგუფების ფორმირების საფრთხე, რომელიც შესაძლოა, უკრაინის მიმართ აგრესიაში ჩაებას”, – განმარტა მან.

20 ოქტომბერს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ ფრონტზე რუსული არმიის შეტევის საფრთხე იზრდებოდა და რომ იგი ამჯერად ბელარუს-უკრაინის საზღვრის დასავლეთით შეიძლებოდა, ყოფილიყო გადატანილი პარტნიორი ქვეყნების მიერ უკრაინისთვის შეიარაღებისა და ტექნიკის მიწოდებების ძირითადი ლოგისტიკური არტერიების გადასაჭრელად.

27 ოქტომბერს უწყებაში განაცხადეს, რომ “შეიმჩნეოდა სისტემური მზადება ესკალაციისთვის”.

3 ნოემბერს ბელარუსული ოპოზიციის ლიდერმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ განაცხადა, რომ ომში ბელარუსის ჯარის ჩაბმის ალბათობა დაბალია, თუმცა მაინც არსებობს “შესაბამისი ზეწოლის შემთხვევაში”.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S