ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ უკრაინაში “ბინძური ბომბის” მზადების კვალი ვერ აღმოაჩინა
03/11/2022 15:46:49 მსოფლიო
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებით, მან უკრაინულ ობიექტებზე ე.წ. “ბინძური ბომბის” მზადების ვერავითარ მტკიცებულებას ვერ მიაგნო.
ინსპექცია კიევის განაცხადის საფუძველზე სამ ობიექტზე – კიევის ბირთვული კვლევების ინსტიტუტში, ჟოლტიე ვოდის აღმოსავლეთ სამთო-გამამდიდრებელ კომბინატსა და დნეპრის “სამხრეთ მანქანათმშენებლობის ქარხანაში” ჩატარდა.
კვლევას საფუძვლად დაედო მოსკოვის ბრალდება, თითქოს უკრაინა თავისივე ტერიტორიაზე “ბინძური ბომბის” გამოყენებას გეგმავდა, რათა ეს შემდგომ მოსკოვისთვის დაებრალებინა.
თავის მხრივ, კიევი და მისი დასავლელი პარტნიორები ბრალდებას უსაფუძვლოდ მიიჩნევდნენ და ეჭვობდნენ, რომ რუსეთი მას საკუთარი ანალოგიური გეგმის “გასამართლებლად” აჟღერებდა.


