
“დაეხმარეთ მთავარ არხს” – ნიკა გვარამია ციხიდან წერილს ავრცელებს
03/11/2022 15:00:26 საზოგადოება
“მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია მოსახლეობას და ორგანიზაციებს “მთავარი არხის” დახმარებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ის საუბრობს წერილში, რომელიც მისმა მეუღლემ სოფო ლილუაშვილმა დღეს, 3 ნოემბერს წაიკითხა.
“მთავარ არხელებო, ბიჭებო და გოგოები, დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რასაც აკეთებთ. ცხადია, ჩემი პირადი მხარდაჭერა იგულისხმება, მაგრამ ბევრად მნიშვნელოვანიც. მორალური პრეცედენტი, რომელსაც საკუთარი მაგალითით ამკვიდრებთ და აჩვენებთ ყველას.
გაძლება და თან ღირსეული გაძლება ყველაზე მეტად იმას ჰქვია, რასაც თქვენ აკეთებთ. თავდადება და ბრძოლა ყველაზე მეტად იმას ჰქვია, რასაც თქვენ აკეთებთ. ერთგულება და სიყვარული ყველაზე მეტად იმას ჰქვია, რასაც თქვენ აკეთებთ. მე თავს კარგად ვგრძნობ. ჩემზე არ იდარდოთ, არხს მიხედეთ.
დასავლური ფრონტის მთავარი ხაზი ახლა “მთავარის” ყოფნა-არყოფნაზე გადის და არა ჩემს გათავისუფლებაზე, როგორც ბევრი მცდარად მიიჩნევს.
არხი უნდა გადარჩეს, სხვა გზა არ გვაქვს, არხი უნდა გარადჩეს. ამას თქვენს გასაგონად არ ვამბობ. თქვენ ამის შეხსენება არ გჭირდებათ. ამას ყველას გასაგონად ვამბობ, ვისაც არხის გადარჩენა ხელეწიფება. თუ რამე მიზნის მიმართ არის გაერთიანება საჭირო და აუცილებელი, ეს მთავარი არხის გადარჩენაა.
ძალიან გთხოვთ ყველას, დაეხმარეთ მთავარს. იმათაც, ვისაც პირდად ჩემი გულშემატკივრობა ამოძრავებს, ვეტყვი, რომ ამ გულშემატკივრობის მთავარი ფორმა “მთავარი არხის” დახმარებაა.
დაეხმარეთ მთავარს, ამას გთხოვთ ჩემი და ჩემი ოჯახის სახელით. გადაარჩინეთ მთავარი. ამას გტხოვთ ჩვენი სამშობლოს ევროპული მომავლის სახელით. გინდა ერთი ლარით, გინდა მრავალათასიანი გრანტით, გინდა ღარიბმა, გინდა მდიდარმა, გინდა ქართველმა, გინდა უცხოელმა. გინდა ადამიანმა, გინდ ორგანიზაციამ. გინდ შემოწირულობით, გინდ რეკლამით. დაეხმარეთ მთავარ არხს, დაეხმარეთ მთავარს – ჩვენს თავისუფლებას.გთხოვთ უმორჩილესად”, – წერს გვარამია.
ცნობისთვის: 2 ნოემბერს "მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მისთვის შეფარდებული თავისუფლების 3 წლითა და 6 თვის ვადით აღკვეთა ძალაში დარჩა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას 6 მილიონ 700 000 ლარის გაფლანგვის ეპიზოდზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის შეფარდებული 50 000-ლარიანი ჯარიმა პატიმრობით შეუცვალა, თუმცა საბოლოოდ, მას საპატიმროში ყოფნა აქამდე განსაზღვრული 3 წლითა და 6 თვის ვადით მოუწევს.