“ვებრძვით ანტიქრისტეს”: კრემლი რუსეთის ახალ იდეოლოგიურ კონცეფციას აყალიბებს

03-11-2022 17:46:42 მითები და რეალობა

ბოლო დროს კრემლი რეგულარულად იწვევს კონსულტაციებისთვის რადიკალ კონსერვატორ იდეოლოგებს, მათ შორის – ალექსანდრე დუგინს, ალექსანდრე პროხანოვსა და ვარდან ბაღდასარიანს, - იუწყება "Медуза" პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და მმართველ პარტიასთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით.

მისივე ინფორმაციით, იდეოლოგებთან მიმდინარეობს საუბრები იმაზე, "რა მიზანი აქვს რუსეთს, რა სურს დერჟავას".

მსგავს შეხვედრებს, როგორც წესი, ესწრება პუტინის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე სერგეი კირიენკოც.

გარდა ამისა, კრემლი კონსულტაციებს აწარმოებს "Царьград"-ის დამფუძნებელ ბიზნესმენ კონსტანტინე მალოფეევთან, რომელიც ყირიმის ანექსიის მონაწილე რაზმების დამფინანსებლადაა ცნობილი.

გამოცემის წყაროების ცნობით, მალოფეევი, დუგინი, პროხანოვი და ბაღდასარიანი კრემლს "ახალი იდეოლოგიის კონტურების განსაზღვრაში" უნდა დაეხმარონ.

აღსანიშნავია, რომ ხსენებული იდეოლოგების შეხედულებები რიგი ნიუანსებით განსხვავდება: პროხანოვი სტალინისტი-იმპერიალისტია, მალოფეევი – ანტიკომუნისტი და სრული მონარქიის მომხრე, დუგინი – დასავლეთისა და ლიბერალური ღირებულებების სასტიკი მოწინააღმდეგე. თუმცა მათ აერთიანებთ ხედვა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი წარმოადგენს “რუსეთის დაპირისპირებას დასავლეთთან ცივილიზაციურ დონეზე”.

"Медуза"-ს ინფორმაციით, ხსენებული შეხვედრების შედეგად კრემლი თავის დღის წესრიგში რადიკალი იდეოლოგების რიგ თეზისებს უკვე იყენებს. ასე, მაგალითად, კირიენკომ ამასწინანდელ გამოსვლაში "სახალხო ომის" თეზისი გამოიყენა.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, აგვისტოში მომხდარი აფეთქების შედეგად დუგინის ქალიშვილის – დარიას დაღუპვის შემდეგ კრემლი ამ რადიკალი იდეოლოგით გაცილებით მეტად დაინტერესდა და ბოლო დროს მას ხშირად იწვევს, რაც ჩინოსნების რიტორიკასაც დაეტყო. ასე, მაგალითად, პუტინის რიტორიკაში გაჩნდა ცნება “ანგლოსაქსები”.

ალექსანდრე დუგინი ბოლო ხანებში ირწმუნება, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი “საშინელი სამსჯავროა" და რუსეთი “კოლექტიური დასავლეთის სახით ანტიქრისტეს უპირისპირდება”. და აი, შედარებით ნაკლებ რადიკალური ფორმით იმავე იდეებს უკვე ავითარებს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილიც. ანალოგიური მოსაზრება გამოთქვა აასწინათ უკრაინის ტერიტორიების ანექსიის გამოცხადებისას პრეზიდენტმა პუტინმაც.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები