Accentnews.ge
ახალი წლის შემდეგ რუსეთში მობილიზაციის მეორე ეტაპის დაწყებას ელიან

ახალი წლის შემდეგ რუსეთში მობილიზაციის მეორე ეტაპის დაწყებას ელიან

03/11/2022 12:59:13 მსოფლიო

ზამთარში რუსეთში შესაძლოა, სამხედრო მობილიზაციის მეორე ეტაპი დაიწყოს, - იუწყება რუსული გამოცემა "Вёрстка" სახელმწიფო უწყებებში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.

როგორც გამოცემას განუცხადეს, მობილიზაციის მეორე ეტაპისთვის მზადება უკვე მიმდინარეობს და ის შესაძლოა, საახალწლო დღეების დასრულებისთანავე გამოცხადდეს, როცა საშემოდგოო გაწვევა დასრულებული იქნება, საახალწლო დღესასწაულების პერიოდს კი ხელისუფლება “მოსახლეობის ემოციური განტვირთვისთვის" გამოიყენებს.

“ხელისუფლება მობილიზაციის ახალი ეტაპის მზადებაშია. ასე, მაგალითად, მოსკოვის მერიაში არ გააუქმეს სპეციალური ჯგუფი, რომელიც კომისარიატებს უკანონო მობილიზაციის შემთხვევების გარკვევაში ეხმარებოდა. ექსპერტებს განუცხადეს, რომ შეუძლიათ, ახალ წლამდე დაისვენონ, შემდეგ კი სამუშაოს უნდა დაუბრუნდნენ. გარდა ამისა, მიმდინარეობს მუშაობა კომისარიატების სამობილიზაციო სიების დახვეწაზე, კერძოდ, მათ თავსებადობაზე რიგი სახელმწიფო უწყებების მიერ მომზადებულ სიებთან” – წერს გამოცემა და მზადების რიგ სხვა ნიშნებზეც მიუთითებს.

ცნობისთვის: რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა თავდაცვის მინისტრისა და პრეზიდენტის ჩათვლით ოქტომბრის ბოლოს “სამობილიზაციო ღონისძიებების დასრულება” გამოაცხადეს. აღინიშნა, რომ მობილიზებულია 100 ათასამდე მოქალაქე და ახალი გაწვევები აღარ იქნება, თუმცა პრეზიდენტს მობილიზაციის დასრულების შესახებ ბრძანებულებისთვის ხელი არ მოუწერია. იურისტები კი აღნიშნავენ, რომ მობილიზაციის დასრულების შესახებ ზეპირსიტყვიერ განცხადებებს იურიდიული ძალა არ აქვს და სამობილიზაციო ღონისძიებები შესაძლოა, ნებისმიერ მომენტში განახლდეს.

რიგი მედიასაშუალებების გათვლით, “ნაწილობრივი” მობილიზაციის გამოცხადების მომენტიდან დაიღუპა რუსეთის 100-მდე მოქალაქე, მათი ნაწილი – ჯერ კიდევ ფრონტზე გაგზავნამდე, რუსულ “მოსამზადებელ ბანაკებში”.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S