კადიროვმა ჩეჩნეთის უშიშროების საბჭოს მდივანი თანამდებობიდან დაითხოვა
03/11/2022 12:38:07 მსოფლიო
ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, სპეცრაზმ "ახმატის" მეთაურის აპტი ალაუდინოვის ჩეჩნეთის ეკონომიკური და საზოგადოებრივი უსაფრთხოების საბჭოს მდივნის პოსტიდან გათავისუფლების თაობაზე.
როგორც კადიროვის ბრძანებულებაშია ნათქვამი, ალაუდინოვმა თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.
თუმცა „კავკაზ.რეალიი“ აღნიშნავს, თანამდებობის საკუთარი სურვილით დატოვების თაობაზე აპტი ალაუდინოვს არ განუცხადებია არც ჩეჩნეთის საინფორმაციო საშუალებებით და არც საკუთარი ტელეგრამ–არხით, რომელშიც იგი უკრაინაში მიმდინარე ბრძოლების ქრონიკის გამოქვეყნებას აქტიურად განაგრძობს.
ჩეჩნეთში კადიროვის რეჟიმის კრიტიკოსები ადრე აცხადებდნენ, რომ აპტი ალაუდინოვი უკრაინაში ომში წავიდა "დანაშაულის გამოსყიდვის მისიით“. აღსანიშნავია, რომ მას 2019 წელს კადიროვის წინააღმდეგ შეთქმულებაში ადანაშაულებდნენ. ალაუდინოვმა უარყო ყველა ბრალდება და გაავრცელა მიმართვა, რომელშიც იმუქრებოდა, რომ „იპოვნიდა და გაუსწორდებოდა მათ, ვინც მასზე ასეთ ბინძურ ჭორებს ავრცელებდა".
აგვისტოს დასაწყისში აპტი ალაუდინოვი რუსეთის გმირის ვარსკვლავით დაჯილდოვდა.
გენერალ-მაიორი აპტი ალაუდინოვი ერთ-ერთი მთავარია იმ ჩეჩენ მოხელეთა შორის, რომლებიც კადიროვის დავალებით გუდერმესის ბაზაზე ჩეჩნეთ „მოხალისეთა“ სწრაფ მომზადებას და მათ უკრაინაში გადასროლას ხელმძღვანელობენ.
25 აგვისტოს უკრაინის უშიშროების სამსახურმა ალაუდინოვი უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაში დაადანაშაულა. კიევის ცნობით, მიმდინარე წლის მარტ-აპრილში ალაუდინოვმა უშუალო მონაწილეობა მიიღო რუსეთის ომში უკრაინის წინააღმდეგ და პირადად ხელმძღვანელობდა სპეცდანიშულების რაზმ "ახმატის" ქმედებებს რუბეჟნოეში, კრემენნაიასა და სევეროდონეცკში.
აპტი ალაუდინოვი იმ პირთა სიაში შედის, რომლებსაც აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესეს. იგი ითვლება თანამონაწილედ ჩეჩნეთში ლგბტ პირების დევნაში. უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის შემდეგ სწორედ ალაუდინოვი დანიშნა რამზან კადიროვმა ლუგანსკის მიმართულებაზე ოპერაციის პასუხისმგებლად.


