რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ბრიტანეთის ელჩი გამოიძახეს
03/11/2022 11:24:39 მსოფლიო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ბრიტანეთის ელჩი გამოიძახეს, – იუწყება Reuters.
მისი ცნობით, ელჩ დებორა ბრონერტის გამოძახება უკავშირდება მოსკოვის განცხადებას, რომ ბრიტანეთის საზღვაო ძალების სამხედროები იყვნენ ჩარეული ყირიმში რუსეთის ფლოტზე უკრაინის დრონით განხორციელებულ თავდასხმაში. ბრიტანეთი ბრალდებას უარყოფს.
როგორც Reuters იტყობინება, ბრონერტი სამინისტროში ნახევარ საათს გაჩერდა. სამინისტროსთან იმყოფებოდა ადამიანების მცირე ჯგუფი, რომელიც ანტიბრიტანულ ლოზუნგებს გაიძახოდა და ეჭირა პლაკატი წარწერით: „ბრიტანეთის ტერორისტული სახელმწიფო“.
ელჩის სამინისტროში საუბრის შინაარსის შესახებ არც რუსეთს და არც ბრიტანეთს ოფიციალური ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ გაუვრცელებიათ.


