უკრაინის პორტები დღეს პროდუქტებით დატვირთულმა შვიდმა გემმა დატოვა
03/11/2022 08:47:05 მსოფლიო
უკრაინის პორტები დღეს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამზიდავმა შვიდმა გემმა დატოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გემები დატვირთული იყო 290 000 ტონა საკვები პროდუქტებით და ევროპისა და აზიის ქვეყნებისკენ გაემართა.
ცნობისთვის: უკრაინამ და რუსეთმა თურქეთის და გაეროს შუამავლობით 22 ივლისს სტამბოლში მიაღწიეს შავი ზღვით, უკრაინიდან მსოფლიოში ხორბლის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის ექსპორტის განახლების შეთანხმებას. გემების კონტროლისა და უსაფრთხო ნაოსნობისთვის სტამბოლში გაიხსნა უკრაინის, რუსეთის, თურქეთის და გაეროს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სპეციალური საკოორდინაციო ცენტრი.
29 ოქტომბერს რუსეთმა გამოაცხადა, რომ უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით განახორციელა „ტერორისტული შეტევა“ სევასტოპოლში მყოფ რუსულ სამხედრო და სამოქალაქო გემებზე, რის გამოც შეთანხმების შესრულებას აჩერებს. მანამდე რუსეთი სხვადასხვა საბაბით, არაერთხელ დაიმუქრა უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შეზღუდვით.
30 ოქტომბერს გაერომ, თურქეთმა და უკრაინამ რუსეთის გარეშე შეათანხმეს ჰუმანიტარული დერეფნით 16 გემის გადაადგილების გეგმა.
31 ოქტომბერს და 1 ნოემბერს გემების ნაწილმა შეძლო უკრაინის პორტების დატოვება.
1 ნოემბერს საღამოს გაერომ, თურქეთმა და უკრაინამ განაცხადეს, რომ 2 ნოემბერს დერეფანი არ იმუშავებს.
2 ნოემბერს მოსკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი "მარცვლეულის დერეფნის" შესახებ შეთანხმებას უბრუნდება.


