"ენერგეატომი": "დაბომბვის გამო ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ისევ გათიშულია ელექტრო ქსელიდან"
03/11/2022 06:28:51 მსოფლიო
უკრაინის სახელმწიფო კომპანია "ენერგეატომის" ცნობით, უკრაინის ზაპორიჟზიეს ატომური ელექტროსადგური გათიშულია ელექტრო ქსელიდან მას შემდეგ, რაც რუსულმა დაბომბვამ დააზიანა დარჩენილი მაღალი ძაბვის ხაზები. სადგურზე მხოლოდ დიზელის გენერატორები მუშაობს.
კომპანიის განცხადებით, კავშირის შეწყვეტის შემდეგ, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ჩაირთო დიზელის 20-ვე გენერატორი, ამჟამად კი, ოპტიმიზაციის შედეგად, მუშაობს 9 და ე.წ. ცივ მდგომარეობაში გადავიდა მეხუთე და მეექვსე ენერგობლოკები. უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანია აცხადებს, რომ გენერატორებისთვის საწვავის 15-დღიანი მარაგია.
უკრაინა კიდევ ერთხელ მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, დაუყოვნებლივ მიმართოს ზომებს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზაციის, ტერიტორიიდან რუსი სამხედროების გაყვანისა და უკრაინის კონტროლქვეშ სადგურის დაბრუნების მიზნით.
უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის ის ნაწილი, სადაც ევროპაში უდიდესი - ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მდებარეობს, რუსეთის მიერაა ოკუპირებული. სადგურზე რჩება უკრაინული პერსონალი, თუმცა, გენერალური დირექტორი და რამდენიმე სხვა ხელმძღვანელი კიევის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გააძევეს.


