რუსეთმა ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების პირობები დაასახელა
03/11/2022 06:10:40 მსოფლიო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „რუსეთის ფედერაციის განცხადება ბირთვული ომის თავიდან აცილების შესახებ“ გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთი „მკაცრად და თანმიმდევრულად ხელმძღვანელობს პოსტულატით იმის თაობაზე, რომ "დაუშვებელია ბირთვული ომი, რომელშიც შეუძლებელია, იყოს გამარჯვებულები და რომელიც არასოდეს უნდა გაჩაღდეს, ბირთვული იარაღის გამოყენების თაობაზე რუსეთის დოქტრინული პოზიციები „მხოლოდ თავდაცვითი ხასიათისაა“.
„ბირთვული იარაღის გამოყენებით რეაგირებას რუსეთი ჰიპოთეზურად უშვებს მხოლოდ პასუხად აგრესიაზე მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებით, ან აგრესიაზე ჩვეულებრივი შეიარაღების გამოყენებით, როცა საფრთხე ექმნება თავად სახელმწიფოს არსებობას,“ იტყობინება სამინისტრო.
ასეთ დებულებებს მართლაც შეიცავს რუსეთის დოქტრინული დოკუმენტები. თუმცა მთლად ნათელი არ არის, რა შეიძლება მიიჩნიოს რუსეთის ხელისუფლებამ აგრესიად, რომლის დროსაც საფრთხე ექმნება თავად სახელმწიფოს არსებობას.
გუშინ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა გამოთქვა აზრი, რომ ასეთ „აგრესიად“ მოსკოვმა შეიძლება, მიიჩნიოს უკრაინის მიერ საკუთარ კონტროლქვეშ დაბრუნება რუსეთის მიერ ანექსირებული ტერიტორიებისა, როგორებიცაა ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქები (ამ ოლქების ნაწილები უკვე ახლავეა უკრაინის კონტროლქვეშ). საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში არ არის მოცემული არავითარი კომენტარი იმის თაობაზე, ეთანხმება თუ არა უწყება მედვედევის პოზიციას.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებდა, რომ რუსეთი არ აპირებს უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებას. ამასთან ამბობდა, რომ „ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად“ რუსეთმა შესაძლოა, „ყველა საშუალება“ გამოიყენოს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ „უპირველესი ამოცანაა ბირთვული სახელმწიფოების ნებისმიერი სამხედრო შეტაკების თავიდან აცილება“. დოკუმენტი შეიცავს მოწოდებებს სხვა ბირთვული სახელმწიფოების მიმართ, „უარი თქვან ერთმანეთის სასიცოცხლო ინტერესებისთვის ზიანის მიყენების სახიფათო მცდელობებზე“ პირდაპირი შეიარაღებული კონფლიქტის პირას ყოფნის პირობებში.
როგორც The New York Times წერს აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია შეშფოთებულია იმის გამო, რომ რუსეთის მაღალი რანგის სამხედროებმა სავარაუდოდ ითათბირეს უკრაინაში მიმდინარე ომში ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობებზე. გამოცემის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არ მონაწილეობდა ამ განხილვაში. ის ერთადერთია, ვისაც შეუძლია ასეთი იარაღის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღება გენერლების შეხედულებისგან დამოუკიდებლობად. თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ვერ ხედავენ იმის მტკიცებულებას, რომ რუსეთი უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებას გეგმავს.


