"არა-ორუელი": კრემლმა პროპაგანდისტული პროექტებისთვის კიდევ მილიარდი რუბლი გამოყო
02/11/2022 18:48:54 მსოფლიო
რუსეთის კულტურული ინიციატივების საპრეზიდენტო ფონდი, რომლის საკოორდინაციო საბჭოს პუტინის ადინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე სერგეი კირიენკო უდგას სათავეში, კიდევ ერთი მილიარდი რუბლით აფინანსებს პროექტებს, რომლებიც უკრაინაში ომისა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთთან "ინტეგრაციის" პროპაგანდას ისახავს მიზნად.
ფონდი, რომელიც ერთი წლის წინ "კულტურის, ხელოვნებისა და კრეატიული ინდუსტრიის მხარდაჭერის" მიზნით ჩამოაყალიბეს, თანხას ამჯერად 143 ინიციატივას შორის გაანაწილებს, - იუწყება "The Moscowtimes".
ამჟამინდელი სპეცკონკურსი ფონდის მუშაობის განმავლობაში რიგით მეოთხეა. მისთვის გამოყოფილი თანხების მოცულობა წინა სამი კონკურსის ჯამური დაფინანსების ტოლია. მაშინ პროექტების ორგანიზატორებმა 991 მლნ რუბლი მიიღეს, რომელთაგან ომის პროპაგანდაზე 625 მლნ დაიხარჯა.
ყველაზე მსხვილ - 109 მლნ რუბლის ოდენობის გრანტს მიიღებს ფესტივალი "Русское лето. Zа Россию" ("რუსული ზაფხული. რუსეთისთვის"). მისი ორგანიზება ითავა "სოციალური კვლევების საექსპერტო ინსტიტუტმა" (ЭИСИ), რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კირიენკოს მისვლისთანავე სწორედ პროპაგანდისტული იდეების ლობირების მიზნით შეიქმნა და ადრეც არაერთგზის დაფინანსებულა როკ- და პოპ-ფესტივალების ორგანიზებისთვის.
მეორე - დაფინანსების მოცულობით ორჯერ ნაკლები გრანტი გამოეყო კლასიკური ლიტერატურის სასკოლო ფესტივალ «Поколение Z»-ს ("Z-თაობას"). "მოზარდი თაობის პიროვნული განვითარების გზით დონბასთან რუსეთის კულტურული კავშირის აღორძინებაზე" 35 მლნ რუბლი დაიხარჯება. პროექტის ბენეფიციარებად განსაზღვრულები არიან სკოლის მოსწავლეები უკრაინის ოკუპირებული რეგიონებიდან და უკრაინის მოსაზღვრე რუსული რაიონებიდან. პროექტის დასასრულს გათვალისწინებულია გრანდიოზული კონცერტი ლუჰანსკში.
პროექტ "Русский Азов"-ის ("რუსული აზოვის") ხელმძღვანელებმა 29 მლნ რუბლად იმის უზრუნველყოფა იკისრეს, რომ სიტყვა "აზოვი" აღარ ასოცირდებოდეს უკრაინულ ეროვნულ ბატალიონთან და ტოპონიმი "პოზიტიურ ჭრილში დაბრუნდეს". ამისათვის ისინი მულტიმედიურ პროექტს აყალიბებენ და სხვადასხვა ქალაქებში ინტერაქტიული გამოფენების მოწყობას გეგმავენ.
პროექტი "Неоруэлл" ("არა-ორუელი"), რომელმაც ფონდისგან 24 მლნ რუბლი მიიღო, გეგმავს სატელევიზიო პროპაგანდისტული თოქ-შოუების ადაპტირებას ახალგაზრდობისთვის. ამ მიზნით ქმნიან ცალკე ინტერნეტ-პლატფორმას, რომლის მიზანი "საზოგადოებრივი აზრის ახალი ლიდერების ჯგუფების ფორმირება" იქნება.
ხუთეულის ბოლოშია პროექტი "Сыны Чечни на страже Российской Державы" ("ჩეჩნეთის შვილები რუსული დერჟავის სადარაჟოზე"), რომლის პირველი ეტაპის რეალიზებისთვის 20 მლნ რუბლი გამოიყოფა. პროექტი რამზან კადიროვის ინიციატივით "12 ჩეჩენი მებრძოლის განსადიდებლად" შეიქმნა, რომელთაგან ერთი რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი ადამ დელიმხანოვია.
ფონდის მუშაობის პირველ წელს რუსეთის მთავრობამ გრანტებზე 3,5 მლრდ რუბლი გამოყო. 2022 წელს დაგეგმილია კიდევ 8 მლრდ-ის, ხოლო 2023‑ში კიდევ 10-ის გამოყოფა.


