არაბული ქვეყნების ლიგამ უკრაინის კონფლიქტში ნეიტრალური პოზიციის შესახებ განაცხადა
02/11/2022 18:08:35 მსოფლიო
არაბული ქვეყნების ლიდერებმა უკრაინის კონფლიქტის საკითხში ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვის შესახებ განაცხადეს, - ნათქვამია არაბული ქვეყნების ლიგის ალჟირში გამართული სამიტის დასკვნით განცხადებაში (ციტატა რუსულ "Интерфакс"-ს მოჰყავს).
ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველი, ორდღიანი სამიტის გახსნისას მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტმა აბდელმაჯიდ თებუნმა ისაუბრა "მსოფლიო პოლარიზაციის" შესახებ, რომელიც "სასურსათო უსაფრთხოებაზე ახდენს ზეგავლენას". "რეგიონული და საერთაშორისო კონტექსტი [ხასიათდება] კრიზისებისა და დაძაბულობის ზრდით, განსაკუთრებით - არაბულ სამყაროში, რომელსაც თავის თანამედროვე ისტორიაში ესოდენ რთული პერიოდი არ გამოუვლია", — დასძინა თებუნმა.
უკრაინის ომმა "გააღრმავა სასურსათო და ენერგოუსაფრთხოების კრიზისი", - აღნიშნა ასევე ტუნისის პრეზიდენტმა კაის საედმა.
- ცნობისთვის: რამდენიმე არაბული ქვეყანა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული რუსული და უკრაინული ხორბლის ექსპორტზე.
- სექტემბრის ბოლოს ლიგის წარმომადგენლებს გაერო-ს გენასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი შეხვდა. მან არაბული ქვეყნების წარმომადგენლებს უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით რუსეთის "არგუმენტები" გააცნო, კერძოდ, "2014 წელს დასავლეთის რიგი ქვეყნების მხარდაჭერით უკრაინაში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების შედეგად უკრაინული კრიზისის გენეზისზე" ისაუბრა. "ამასთან, ხაზგასმით აღინიშნა, რომ ჩვენთვის უპირობო პრიორიტეტი დონბასის მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვაა უკრაინის დენაციფიკაციასა და დემილიტარიზაციასთან ერთად», — განაცხადეს მაშინ რუსეთის საგარეო პოლიტიკურ უწყებაში.
მოსკოვმა ლიგის ნეიტრალურ პოზიციას მხარდაჭერა გამოუცხადა და "დაბალანსებულად" შეაფასა.


