Accentnews.ge
„მარცვლეულის შეთანხმების“ გაგრძელების თაობაზე რუსეთის განცხადების შემდეგ მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასი შემცირდა

„მარცვლეულის შეთანხმების“ გაგრძელების თაობაზე რუსეთის განცხადების შემდეგ მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასი შემცირდა

02/11/2022 16:00:53 მსოფლიო

„მარცვლეულის შეთანხმების“ გაგრძელების თაობაზე რუსეთის განცხადების შემდეგ მსოფლიო ბაზარზე ხორბლისა და სიმინდის ფასი შემცირდა, – იუწყება CNN.

მისი ცნობით, ჩიკაგოს ბირჟაზე ხორბლის ფასი 6.34%-ით შემცირდა და ერთი ბუშელის ფასმა $8.45 შეადგინა.

„მარცვლეულის შეთანხმების“ ამოქმედების შემდეგ დღემდე უკრაინიდან გავიდა 9 მილიონ ტონაზე მეტი ხორბალი და სხვა საკვები პროდუქტი, რამაც ხელი შეუწყო მანამდე გაზრდილი ფასების შემცირებასაც.

ცნობისთვის: უკრაინამ და რუსეთმა თურქეთის და გაეროს შუამავლობით 22 ივლისს სტამბოლში მიაღწიეს შავი ზღვით, უკრაინიდან მსოფლიოში ხორბლის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის ექსპორტის განახლების შეთანხმებას. გემების კონტროლისა და უსაფრთხო ნაოსნობისთვის სტამბოლში გაიხსნა უკრაინის, რუსეთის, თურქეთის და გაეროს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სპეციალური საკოორდინაციო ცენტრი.

29 ოქტომბერს რუსეთმა გამოაცხადა, რომ უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით განახორციელა „ტერორისტული შეტევა“ სევასტოპოლში მყოფ რუსულ სამხედრო და სამოქალაქო გემებზე, რის გამოც შეთანხმების შესრულებას აჩერებს. მანამდე რუსეთი სხვადასხვა საბაბით, არაერთხელ დაიმუქრა უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შეზღუდვით.

30 ოქტომბერს გაერომ, თურქეთმა და უკრაინამ რუსეთის გარეშე შეათანხმეს ჰუმანიტარული დერეფნით 16 გემის გადაადგილების გეგმა.

31 ოქტომბერს და 1 ნოემბერს გემების ნაწილმა შეძლო უკრაინის პორტების დატოვება.

1 ნოემბერს საღამოს გაერომ, თურქეთმა და უკრაინამ განაცხადეს, რომ 2 ნოემბერს დერეფანი არ იმუშავებს.

2 ნოემბერს მოსკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი "მარცვლეულის დერეფნის" შესახებ შეთანხმებას უბრუნდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S