აშშ შეშფოთებულია რუსი მაღალჩინოსნების მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების განხილვის გამო
02/11/2022 12:17:30 მსოფლიო
აშშ შეშფოთებულია რუსი მაღალჩინოსნების მიერ უკრაინასთან ომში ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობის ამასწინანდელი განხილვის გამო, - იუწყება "The New York Times" პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში თავის წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემის ინფორმაციით, ვლადიმირ პუტინი ამ განხილვების ნაწილს არ წარმოადგენდა, მაგრამ თავად ფაქტი მსგავსი დისკუსიის გამართვისა თეთრ სახლში შეშფოთებას იწვევს.
ვაშინგტონში თვლიან, რომ რუსი სამხედრო მაღალჩინოსნების მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების განხილვა უკრაინაში განცდილ სამხედრო წარუმატებლობებთან დაკავშირებული ფრუსტრაციითაა გამოწვეული.
ცნობისთვის: თებერვლიდან კრემლი პერიოდულად მიანიშნებს ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებაზე. ეს შესაძლებლობა 27 ოქტომბერს "ვალდაის კლუბში" თავის გამოსვლაში პრეზიდენტმა პუტინმაც ახსენა.
"The Washington Post"-ის ანონიმური წყაროების ინფორმაციით, ბაიდენის ადინისტრაციში თვლიან, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი გაიზრდება, როცა უკრაინაში საბრძოლად რუსული კონვენციური იარაღის მარაგი საბოლოოდ ამოიწურება.


