ყაზახეთმა $230 მილიონზე მეტის ღირებულების ძვირფასეულობა დაიბრუნა
02/11/2022 11:06:13 მსოფლიო
230 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ძვირფასი ქვები და იუველირული ნაკეთობები დაუბრუნდა ყაზახეთს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის ძმისშვილის კაირატ სატიბალდიულის წინააღმდეგ აღძრულ ფულის გათეთრების საქმეზე.
ყაზახეთის ანტიკორუფციული სამსახურის ცნობით, ძვირფასეულობა აღმოაჩინეს ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოების შედეგად „შორეულ საზღვარგარეთის ქვეყნებში“. უწყება ძვირფასეულობის ჩამონათვალს არ ასაჯაროებს.
გარდა ამისა, ანტიკორუფციულმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სატიბალდიულიმ 300 მილიონი დოლარის „ინვესტიცია“ განახორციელა უცხოურ ფასიან ქაღალდებში. დეპარტამენტის ინფორმაციით, ეს თანხა ბიუჯეტში „უახლოეს მომავალში“ შევა.
სექტემბერში ყაზახურმა სასამართლომ კაირატ სატიბალდიულის ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯა ქონების კონფისკაციით. მას 10 წლით აეკრძალა საჯარო სამსახურში დასაქმება. ნაზარბაევის ძმისშვილს განსაკუთრებით დიდი მასშტაბის თანხის გაფლანგვაში წაუყენეს ბრალი.
სატიბალდიულიმ ჟურნალისტების ყურადღება მიიპყრო მას შემდეგ, რაც იყო ოფშორული კომპანიის Skyline Investment Company S.A.-ს ერთადერთი დამფუძნებელი: ის ფლობს ყაზახური სატელეკომუნიკაციო კომპანიის Kazakhtelecom-ის აქციების 24%-ზე მეტს.
Forbes-ის 2018 წლის მონაცემებით, კაირატ სატიბალდიული ფლობდა 163 მილიონი დოლარის ქონებას და ყაზახეთის 50 უმდიდრეს ბიზნესმენს შორის იყო.
Forbes-ს მის შესახებ მომდევნო წლებში ცნობები არ გამოუქვეყნებია.


