ბრიტანული დაზვერვა: "პრიგოჟინი რუსეთის უსაფრთხოების სისტემაში ავტორიტეტის მოპოვებას ცდილობს"
02/11/2022 09:43:25 მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის შეფასებით, რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მფლობელი ევგენი პრიგოჟინი ცდილობს, ავტორიტეტი მოიპოვოს რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების სისტემაში.
მისი ცნობით, ბოლო ორი თვეა, პირგოჟინი „ვაგნერთან“ კავშირს აღარ უარყოფს.
ამასთან, ბრიტანული დაზვერვა ყურადღებას ამახვილებს ევგენი პრიგოჟინის 23 ოქტომბრის განცხადებაზე, რომ უკრაინაში „ვაგნერის“ ძალები ყოველდღიურად წინ მიიწევენ 100-200 მეტრით, რაც მისი თქმით, „თანამედროვე ომში ნორმალურია“.
"რუსეთის სამხედრო დოქტრინით, ქვეყნის არმია, უმეტეს შემთხვევაში, დღეში 30 კილომეტრით უნდა გადაადგილდებოდეს", – აცხადებს ბრიტანული დაზვერვა.
მისი მონაცემებით, თებერვალში, რუსეთის ჯარები გეგმავდნენ ერთი თვის განავლობაში 1000 კილომეტრით წინ წაწევას. სექტემბერში უკრაინის არმია ყოველდღიურად წინ მიიწევდა 20 კილომეტრით.
უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის რეგულარულ ჯარებთან ერთად ჩართულია კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი". კრემლი "ვაგნერს" იყენებდა მსოფლიოს სხვა კონფლიქტურ რეგიონებშიც.
წლების განმავლობაში, არაერთი მედიასაშუალება, მათ შორის ჟურნალისტურ გამოძიებაზე დაყრდნობით წერდა, რომ "ვაგნერის" მფლობელია პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებული და მის "პირად მზარეულად" წოდებული ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი. თავად პრიგოჟინმა საჯაროდ 26 სექტემბერს აღიარა, რომ "ვაგნერის" დამაარსებელი და დამფინანსებელია.


