
კალაძე – მეტროს სადგურ „გოცირიძეზე": "გულდასაწყვეტია, რომ არსებობს ასეთი უპასუხისმგებლო კომპანიები, რომლებიც ჯეროვნად ვერ ასრულებენ შესაბამის სამუშაოებს"
02/11/2022 08:11:21 საზოგადოება
დაგვიანება კატეგორიულად მიუღებელია, ძალიან გულდასაწყვეტია, რომ არსებობს ასეთი უპასუხისმგებლო კომპანიები, რომლებიც ჯეროვნად ვერ ასრულებენ შესაბამის სამუშაოებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე მეტროს სადგურ „გოცირიძეზე“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ამ ყველაფერს მათი მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
„მეტროს სადგურ „გოცირიძეზე“ სამუშაოები ფაქტობრივად დასრულებულია. მიმდინარეობს შშმ პირებისთვის განკუთვნილი ლიფტის მონტაჟი და ასევე ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები. იცით, რომ აღნიშნულ სამუშაოებს ასრულებდა შპს „მამისონი“, რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა. კარგად მესმის, რომ ბაქნის მთლიანი ცვლილება მოგვიწია, რაც პროექტში არ იყო გათვალისწინებული, ავარიულობიდან გამომდინარე მოხდა ამ სამუშაოს ჩატარება, თუმცა, ის დაგვიანება კატეგორიულად მიუღებელია. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ არსებობს ასეთი უპასუხისმგებლო კომპანიები, რომლებიც ჯეროვნად ვერ ასრულებენ შესაბამის სამუშაოებს და ეს ყველაფერი ჩემზე აისახება, თანაგუნდელებზე, ვინც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, რათა ქალაქი უკეთესობისკენ შეიცვალოს. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ასეთი კომპანიები არსებობს და ამას ჩვენი მხრიდან მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“,- აღნიშნავს კალაძე.
მეტროს სადგურით მოქალაქეები 2 წელია, ვერ სარგებლობენ. „გოცირიძის“ რემონტი და რეკონსტრუქცია 2020 წლის ივლისში დაიწყო და 2021 წლის 6 თებერვალს უნდა დასრულებულიყო.
მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეკონსტრუქციისა და კაპიტალური რემონტის სამუშაოებისთვის თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2020 წლის 18 ივნისს გააფორმა ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან – საქართველოში უცხოური საწარმო შპს „კაიზენის“ ფილიალთან, რომელმაც ვერ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. ამის გამო 2021 წლის 13 სექტემბერს შპს „კაიზენთან“ შეწყდა ხელშეკრულება. მერიის განცხადებით, კომპანიას შესაბამისი საჯარიმო სანქციებიც დაეკისრა, თუმცა ჯარიმის ოდენობა არ დაუკონკრეტებია. სამუშაოები მოიცავდა ინტერიერისა და ექსტერიერის განახლებას, ასევე მგზავრთა ჩასასხდომი ბაქნის გადახურვას. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული „უცხოური საწარმოს შპს კაიზენის“ ფილიალი ასრულებდა. სატენდერო ხელშეკრულების ღირებულება 3 478 328 ლარს შეადგენდა.
მერიის ცნობით, მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2021 წლის 11 ნოემბერს გააფორმა ხელშეკრულება ახალ მომწოდებელთან – შპს „მამისონთან“.
მეტროსადგურ „გოცირიძის“ გახსნამდე მგზავრების მომსახურების მიზნით მეტროს სადგურ „დიდუბიდან“ მეტროს სადგურ „გოცირიძემდე“ დაინიშნა ავტობუსის დროებითი მარშრუტი №369.