უკრაინის გენშტაბი: "შეტევა მოგერიებულია დონეცკის და ლუგანსკის ოლქების 12 დასახლებულ პუნქტთან"
02/11/2022 06:18:07 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, თავდაცვის ძალებმა რუსული ჯარების შეტევა მოიგერიეს ლუგანსკის ოლქის 3 და დონეცკის ოლქის 9 დასახლებულ პუნქტთან.
უკრაინის არმიის სარდლობის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 7 სარაკეტო და 47 საავიაციო დარტყმა და 90-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. საავიაციო და სარაკეტო დარტყმების შედეგად დაზარალდა დონეცკის, ნიკოლაევის, პოლტავის და ზაპოროჟიეს ოლქების 25-ზე მეტი დასახლებული პუნქტი. გენშტაბის ცნობით, ამ და სხვა მიმართულებებით მოწინააღმდეგე აქტიურად იყენებს ტანკებს და არტილერიასაც.
გენშტაბის ცნობით ბოლო 24 საათში, თავდაცვის ძალების ავიაციამ განახორციელა 33 დარტყმა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, სამხედრო ტექნიკის და შეიარაღების თავმოყრის 26 რაიონზე და საზენიტო სარაკეტო კომპლექსების 7 პოზიციაზე. უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს რუსეთის არმიის 1 ვერტმფრენი და 10 უპილოტო საფრენი აპარატი, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის 4 ადგილი, საბრძოლო მასალების 3 საწყობი და 6 სხვა სამხედრო ობიექტი.
თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის „გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლად“ დანიშნული დენის პუშილინი აცხადებს, რომ რუსეთის ჯარები წინ მიიწევენ პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით. პუშილინის მტკიცებით, წარმატებები აქვთ დასახლებულ პუნტქ მარიინკასთან და ბრძოლები გრძელდება ქალაქ პავლოვკისთვის.


