რუსეთში მობილიზაციის დაწყებიდან 100-ზე მეტი ახალწვეული დაიღუპა – მედია
01/11/2022 18:03:19 მსოფლიო
მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ 100-ზე მეტი გაწვეული სამხედრო დაიღუპა ფრონტის ხააზე და ზურგში,– წერს «Новая газета. Европа», რომელიც ეყრდნობა რეგიონული ხელისუფლებებისა და სამხედროების განცხადებებს, დოკუმენტებს, ასევე სოციალურ ქსელებში დაკრძალვის შესახებ შეტყობინებებს.
ჟურნალისტებმა 89 დაღუპულის იდენტიფიცირება შეძლეს. მობილიზებულთაგან 24 ადამიანი დაიღუპა სვერდლოვსკის რეგიონში; 23 ადამიანი ფრონტზე გაგზავნამდე ჩხუბის, ალკოჰოლის, ნარკოტიკების, თვითმკვლელობისა და უბედური შემთხვევების გამო.
მობილიზებულთა დაღუპვის შესახებ პირველი ცნობები პუტინის განკარგულების გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში გაჩნდა. ინგუშეთის, ტრანს-ბაიკალის ტერიტორიისა და ტიუმენის მახლობლად სასწავლო ბანაკში სამი მობილიზებული დაიღუპა. ამ შემთხვევიდან მხოლოდ ერთის გარდაცვალების მიზეზია ცნობილი, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდება, არადა გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე კაცს ჯანმრთელობის შემოწმება ჰქონდა გავლილი.
უშუალოდ ფრონტზე მობილიზებულების გარდაცვალების შესახებ ცნობილი გახდა ოქტომბრის დასაწყისში. დიმიტრი სიდოროვი და ანდრეი პიჩუევი ბურიატიიდან 22 სექტემბერს გამოიძახეს და 4 ოქტომბერს მოკლეს.
ჟურნალისტები ფიქრობენ, რომ დაღუპულ მობილიზებულთა რეალური რაოდენობა მათ მიერ მოკრებილ მონაცემებს მნიშვნელოვნად აღემატება. მათ ანგარიშის მომზადებისას მხედველობაში მიიღეს მხოლოდ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დადასტურებული გარდაცვალების შემთხვევები. თუმცა, დაღუპული ჯარისკაცები, რომელთა ცხედარებიც ბრძოლის ველიდან არ გადაასვენეს, ხშირად დაკარგულად ითვლებიან. მაგალითად, კრეისერ „მოსკვაზე“ მომსახურე მეზღვაურების ახლობლები 40 დაღუპულზე საუბრობენ. ამასთან, თავდაცვის სამინისტრომ ჯერ მხოლოდ ერთი მეზღვაური გამოაცხადა დაღუპულად, შემდეგ ხუთი გარდაცვლილის ნათესავებმა მიიღეს დადასტურება.
გარდაცვლილთა საშუალო ასაკი 34 წელი იყო. ყველაზე უფროსი გარდაცვლილი მიხაილ კულინიჩენკო ხაკასიიდან 48 წლის გახლდათ. ის "ავადმყოფობის გამო" გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ყველაზე ახალგაზრდა იგორ ურვანცევი ჩელიაბინსკის ოლქიდან 21 წლის იყო. მას დარჩა მეუღლე და ოთხი თვის შვილი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, საომარი მოქმედებების ზონაში უკვე გაგზავნილია 82 000 მობილიზებული. როგორც მობილიზებულები ჩივიან, ისინი ფრონტზე მომზადებისა და სათანადო აღჭურვილობის გარეშე აღმოჩნდნენ.


