ერდოღანი ზელენსკის და პუტინს შეხვდება „მარცვლეულის დერეფნის“ საკითხზე – ჩავუშოღლუ
01/11/2022 16:06:41 მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი შეხვდება უკრაინის ლიდერს ვოლოდიმირ ზელენსკის და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, რათა განიხილონ უკრაინის პორტებიდან გლობალურ ბაზარზე მარცვლეულის გადაზიდვის გაგრძელება. ამის შესახებ 1 ნოემბერს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.
„ბევრ კითხვას ვიღებთ იმის შესახებ, გაგრძელდება თუ არა მარცვლეულის დერეფანი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთმა განაცხადა, რომ ის „გავიდა და არ ითანამშრომლებს“, მაგრამ გვჯერა, რომ ამ პრობლემას გადავლახავთ“, - განაცხადა თურქული მედიის ცნობით, ჩავუშოღლუმ.
1 ნოემბერს უკრაინის პორტები კიდევ სამმა გემმა დატოვა შავი ზღვის მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმების ფარგლებში. ამის შესახებ საკოორდინაციო ცენტრმა განაცხადა, რომელსაც გაერო ხელმძღვანელობს. ეს ამ შეთანხმებით უკრაინიდან მარცვლეულის გემებით ტრანსპორტირების მეორე დღეა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ინიციატივაში მონაწილეობა შეაჩერა.
გაეროს განცხადებაში ნათქვამია, რომ გემების მოძრაობა შეთანხმებულია უკრაინის, თურქეთისა და გაეროს დელეგაციებს შორის ცენტრში, რომეიც სტამბოლშია ბაზირებული და ამის შესახებ ეუწყა რუსეთის დელეგაციას.
გაეროს ცნობით, მარცვლეულის ექსპორტის საკითხში გაეროს კოორდინატორი ამირ აბდულა თათბირს განაგრძობს სამივე ქვეყნის წარმომადგენლებთან, რათა სრულად აღდგეს მონაწილეობა ცენტრის მუშაობაში, რომელიც გემების უსაფრთხო მოძრაობას მეთვალყურეობს.


