„არაა საჭირო“: პუტინი მობილიზაციის დასრულების შესახებ განკარგულებას ხელს არ მოაწერს
01/11/2022 15:08:12 მსოფლიო
კრემლის სპიკერის დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა იურისტებთან განიხილა საკითხი, იყო თუ არა საჭირო მისი განკარგულება მობილიზაციის დასრულებისთვის, მას შემდეგ, რაც ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ პროცესის დასრულების შესახებ განაცხადა.
"პრეზიდენტმა თქვა, რომ [ამ საკითხს] იურისტებთან და სამართალმცოდნეებთან განიხილავდა. გაცნობებთ: განკარგულება საჭირო არაა". – თქვა პესკოვმა.
კითხვაზე, პუტინის მიერ აქამდე გაცემულ განკარგულებას „ნაწილობრივი“ მობილიზაციის შესახებ ექნება თუ არა შენარჩუნებული ძალა, პესკოვმა უპასუხა, რომ საუბარი იყო კონკრეტულად 300 000 ადამიანზე და ეს განკარგულება შესრულებულია.
ინფორმაციისთვის: მობილიზაციის გამოცხადებამდე პესკოვი ირწმუნებოდა, რომ ქვეყანაში მსგავსი პროცესი არ დაიწყებოდა, თუმცა რამდენიმე დღეში პუტინმა „ნაწილობრივი“ მობილიზაცია გამოაცხადა, რომელიც, როგორც პრაქტიკამ აჩვენა, სულაც არ აღმოჩნდა „ნაწილობრივი“.
ამასთან, ე.წ. ნაწილობრივი მობილიზაციის პროცესი რუსეთში პუტინის მიერ გაცემული განკარგულების საფუძველზე დაიწყო და შეწყვეტის განკარგულების გარეშე დასრულდა, რამაც კითხვები გააჩინა.მით უფრო, რომ როგორც ცნობილია, შოიგუს მიერ მობილიზაციის დასრულებულად გამოცხადების მიუხედავად, რუსეთის მინიმუმ ორ რეგიონში (ივანოვო და როსტოვი)მაინც გაგრძელდა პროცესი.
ამასთან, 1 ნოემბრიდან რუსეთის არმიაში საშემოდგომო გაწვევა დაიწყო. რუსეთის პრეზიდენტის ხელმოწერილი შესაბამისი განკარგულება 30 ოქტომბერს გამოქვეყნდა. არმიაში 120 ათასი წვევამდელის გაწვევაა დაგეგმილი.
რუსეთის გენშტაბი ირწმუნება, რომ ახალწვეულებს უკრაინის ოთხ ანექსირებულ რეგიონში არ გაუშვებენ. სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულება წვევამდელების გაგზავნას კონფლიქტის ზონაში გაწვევიდან მხოლოდ ოთხი თვის შემდეგ ითვალისწინებს.
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის(ISW) შეფასებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მოსახლეობის მოტყუებას ცდილობს, როცა არწმუნებს, რომ ჯარში ამ შემოდგომაზე გაწვეულებს უკრაინაში საომრად არ გაგზავნიან და ამ გზით ცდილობს გეგმური საშემოდგომო გაწვევისთვის თავის არიდების აღკვეთას. ომის შემსწავლელი ინსტიტუტი ვარაუდობს, რომ რუსულ ჯარში ამ შემოდგომაზე გაწვეულებს უკრაინაში გაგზავნიან მომავალი წლის მარტში ან აპრილში.


