შოიგუმ უკრაინის წინააღმდეგ ომში გაგზავნილ მობილიზებულთა რაოდენობას დაასახელა
01/11/2022 14:46:58 მსოფლიო
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ 87 000 მობილიზებული "სწავლების შემდეგ" გაგზავნეს საბრძოლო მოქმედებების ზონაში,– იტყობნება რუსული სახელმწიფო მედიარესურსი TASS 1 ნოემბერს.
შოიგუს მტკიცებით, მობილიზებულთა წვრთნაში ჩართული იყო 3 000 ინსტრუქტორი, რომელთაც საბრძოლო გამოცდილება უკრაინის ომში მიიღეს.
„ფორმირებული ქვედანაყოფების საბრძოლო კოორდინაცია საწვრთნელ მოედნებზე სრულდება... ძირითადი ძალისხმევა მიმართულია საველე წვრთნებზე, კომუნიკაციების გამოყენების უნარზე, ნავიგაციასა და დაზვერვაზე“, - დასძინა მან.
რუსეთში მობილიზაცია 21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განკარგულებით დაიწყო. შოიგუმ განაცხადა, რომ უკრაინის ომში მონაწილეობის მისაღებად 300 ათასამდე ადამიანი იქნებოდა მობილიზებული. თუმცა „მედიაზონამ“ გააანალიზა მობილიზებულთა მიერ ომში გაგზავნამდე სასწრაფოდ რეგისტრირებულ ქორწინებათა
რაოდენობა და მივიდა დასკვნამდე, რომ რუსეთის 75 რეგიონში ოქტომბრის პირველი ნახევრისთვის მობილიზებული იყო მინიმუმ, 431 000 ადამიანი, ხოლო მთელ რუსეთში - თითქმის 500 000.
28 ოქტომბერს შოიგუმ პუტინს განუცხადა, რომ მობილიზაციის ღონისძიებები დასრულდა.
ამასთან, თავად მობილიზებულთა მიერ სოციალურ ქსელებსა და მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ კონფლიქტის ზონაში ყოველგვარი მომზადების და საჭირო აღჭურვილობის გარეშე გადაჰყავთ. არის ინფორმაცია მათ შორის დაღუპულთა და ტყვედ ჩაბარების შესახებ.


