უკრაინამ G20-ს მოუწოდა, რუსეთი გარიცხოს და პუტინს სამიტზე მიწვევა გაუუქმოს
01/11/2022 14:28:01 მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ოლეჰ ნიკოლენკომ „დიდ ოცეულს“ (G20) მოუწოდა, გარიცხოს რუსეთი და გააუქმოს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიწვევა G20-ის სამიტზე, რომელიც მომავალ თვეში გაიმართება ბალიში.
ნიკოლენკომ 1 ნოემბერს "ტვიტერში" დაწერა, რომ პუტინის საჯარო აღიარება, რომ მან განკარგულება გასცა, სარაკეტო დარტყმები განეხორციელებინათ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, იმას ნიშნავს, რომ „მისი ხელები სისხლშია გასვრილი“ და რომ „მას უფლება არ უნდა მიეცეს, მსოფლიო ლიდერებთან იჯდეს ერთ მაგიდასთან“.
ცნობილია, რომ სამიტზე მიწვეულნი არიან უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტები. საეჭვოა, ზელენსკი სამიტზე გაემგზავროს, მათ შორის, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე. იყო საუბარი, რომ სამიტზე შესაძლოა, შედგეს რუსეთისა და აშშ–ის პრეზიდენტების შეხვედრა, თუმცა ამერიკელ დიპლომატებს ეეჭვებათ, ამას ჯო ბაიდენი დასთანხმდეს.


