„ტილები გვჭამენ“: რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სასწავლო ცენტრში პედიკულოზმა იფეთქა
01/11/2022 13:41:01 მსოფლიო
იელანში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სასწავლო ცენტრში პედიკულოზმა იფეთქა. ამის შესახებ გამოცემა ЕАН–ს მობილიზებულებმა აცნობეს.
„ტილები გვჭამენ, ძალა აღარ გვაქვს. ყველას მუდმივი ქავილი აქვს. საკმარისი საბანაო ადგილი არაა, რადგან სამხედრო ბანაკი არ იყო გათვლილი ასეთი დიდი რაოდენობის ხალხზე. ზოგჯერ ვახერხებთ, მოველაპარაკოთ ადგილობრივებს, რომ საათობრივად ვიქირაოთ აბაზანა. ხალხი ჯგუფებად ერთიანდება და მიდის დასაბანად“, - აცხადებენ მობილიზებულები გამოცემასთან.
სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა მაქსიმ ივანოვმა EAN-ს დაუდასტურა, რომ მსგავსი პრობლემა არსებობს.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მობილიზებულები შეკრების პუნქტებში არსებულ პირობებს უჩივიან. მანამდე 500-მდე რუსმა სამხედრომ ჩაწერა მიმართვა, რომელშიც მათ განაცხადეს, რომ რომ ბელგოროდის რაიონში ყოველგვარი პირობების გარეშე დატოვეს.
"ერთი კვირა ვცხოვრობდით ცხოველურ პირობებში, აბსოლუტურად ცხოველურ პირობებში. არანაირი მატერიალური დახმარება - აბსოლუტურად არაფერი", - აცხადებენ ჯარისკაცები ვიდეოში.


