Accentnews.ge
რუსეთის გაფრთხილების მიუხედავად, მეორე დღეა, შავი ზღვის უსაფრთხოების დერეფანში უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემები გადაადგილდებიან

რუსეთის გაფრთხილების მიუხედავად, მეორე დღეა, შავი ზღვის უსაფრთხოების დერეფანში უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემები გადაადგილდებიან

01/11/2022 11:39:31 მსოფლიო

რუსეთის გაფრთხილების მიუხედავად, მეორე დღეა, შავი ზღვის უსაფრთხოების დერეფანში უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემები კვლავ გადაადგილდებიან. „მარცვლეულის დერეფნის“ ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრის (JCC ) განცხადებით, სამშაბათს უკრაინის პორტები კიდევ სამმა გემმა დატოვა.

„ამ გემების გადაადგილებაზე JCC–ში უკრაინის, თურქეთისა და გაერო–ს დელეგაციები შეთანხმდნენ. აღნიშნულის თაობაზე ინფორმირებულია JCC–ში​ რუსეთის დელეგაცია“, – აცხადებს JCC–ში​ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამდივნო.

მისი ცნობით, გემებს გერმანიაში, ლიბიასა და მაროკოში საერთო ჯამში, 84, 490 ტონა მარცვლეული და სხვა საკვები პროდუქტი გადააქვთ.

გაერო–ს განცხადებით, "ორგანიზაცია აგრძელებს მოლაპარაკებებს რუს ოფიციალურ პირებთან ინიციატივაში მოსკოვის სრულფასოვანი მონაწილეობის აღდგენის მიზნით".

გუშინ შავი ზღვის უსაფრთხოების დერეფანი უკრაინული მარცვლეულით დატვირთულმა 14–მა ხომალდმა გაიარა.

ცნობისთვის: 31 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ შავი ზღვის უსაფრთხოების დერეფანში, რომელიც შეიქმნა უკრაინიდან მარცვლეულით დატვირთული გემების ტრანსპორტირებისთვის, გადაადგილება დროებით აკრძალა:

„მიუღებელია გემების გადაადგილება შავი ზღვის უსაფრთხოების დერეფნის გავლით, რადგან უკრაინის ხელმძღვანელობა და უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობა მას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების ჩასატარებლად იყენებს".

29 ოქტომბერს რუსეთმა გამოაცხადა, რომ უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით განახორციელა „ტერორისტული შეტევა“ სევასტოპოლში მყოფ რუსულ სამხედრო და სამოქალაქო გემებზე, რის გამოც შეთანხმების შესრულებას აჩერებს. მანამდე რუსეთი სხვადასხვა საბაბით, არაერთხელ დაიმუქრა უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შეზღუდვით.

31 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინა, თურქეთი და გაერო უკრაინული მარცვლეულით დატვირთული 16 გემის გადაადგილების გეგმაზე რუსეთის გარეშე შეთანხმდნენ.

უკრაინამ და რუსეთმა თურქეთის და გაეროს შუამავლობით 22 ივლისს სტამბოლში მიაღწიეს შავი ზღვით, უკრაინიდან მსოფლიოში ხორბლის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის ექსპორტის განახლების შეთანხმებას. გემების კონტროლისა და უსაფრთხო ნაოსნობისთვის სტამბოლში გაიხსნა უკრაინის, რუსეთის, თურქეთის და გაეროს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სპეციალური საკოორდინაციო ცენტრი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S