![ძალადობას გამოქცეულმა დაღესტნელმა დებმა საქართველოში შემოსვლა შეძლეს [ფოტო]](https://www.accentnews.ge/storage/files/05a80000-0aff-0242-6e0a-08dabb139140_cx0_cy22_cw0_w1200_r1.webp)
ძალადობას გამოქცეულმა დაღესტნელმა დებმა საქართველოში შემოსვლა შეძლეს [ფოტო]
01/11/2022 11:50:16 საზოგადოება
დაღესტნის სოფელ ხაჯალმახის მკვიდრებმა ხადიჟათ და ფატიმათ ხიზრიევებმა, ამინათ გაზიმაგომედოვამ და ფატიმათ მაგომედოვამ საქართველოში შემოსვლა შეძლეს.
ისინი ზემო ლარსზე, რუსეთის მხარეს მესაზღვრეებს რვა საათის განმავლობაში ჰყავდათ გაჩერებული. აღნიშნულის მიზეზად გოგონების ადვოკატს სხვადასხვა მიზეზს უსახელებდნენ. კერძოდ, თითქოს მათ ვალები ჰქონდათ. შემდეგ გაჩნდა ვერსია თანხის მოპარვის თაობაზე. მოგვიანებით კი ადვოკატს უთხრეს, რომ გოგონებმა ზნეობრივი კანონი დაარღვიეს, რადგან მათ მშობლების ნებართვა არ ჰქონდათ ქვეყნის დატოვებაზე. აღსანიშნავია, რომ ოთხოვე გოგონა სრულწლოვანია. ადვოკატს დარჩა შთაბეჭდილება, რომ სინამდვილეში მესაზღვრეები გოგონების ოჯახის წევრებს ელოდნენ, რომლებიც მივიდენ კიდეც ადგილზე და გამუდმებით ემუქრებოდნენ გოგონებს.
„როდესაც უფლებადამცველმა ორგანიზაციამ მთხოვა, საზღვრის კვეთისას თან ვხლებოდი გოგონებს, რათა მათთვის საჭიროების შემთხვევაში აღმოგვეჩინა იურიდიული დახმარება, საქმის დეტალები არ ვიცოდი. როდესაც მოვიდნენ გოგონების ახლობლები, გამუდმებით იმუქრებოდნენ, გოგონები ისტერიკაში იყვნენ, ხმის აწევა მომიწია, რომ მათ შორის კავშირი შემეწყვიტა. გამუდმებით მემუქრებოდნენ, მაგრამ დავიწყე ამ ყველაფრის გადაღება. იქ მე რომ არ ვყოფილიყავი, რომ არა ჟურნალისტების და გულშემატკივრების აქტიურობა, რომლებიც განუწყვეტლივ რეკავდნენ პროკურატურაში, შსს–ში, ამას ვერ შევძლებდით – გოგონებს საზღვრიდან წაიყვანდნენ. ამ აჟიოტაჟის შემდეგ მესაზღვრეებმა ახლობლებს უთხრეს, „სცადეთ, არ გამოვიდა და ახლა წადითო“ და ჩვენც გამოგვიშვეს“,– ამბობს ადვოკატი ლეისან მანაპოვა.
თავად გოგონები ყვებიან, რომ მათი ოჯახის წევრები ძალოვან უწყებაში არ მუშაობენ, თუმცა კავშირები აქვთ და ამ კავშირებით „ყველაფერი მარტივად გვარდება“.
ადვოკატი იხსენებს პირობებს, რომელიც მესაზღვრეებმა მათ ადგილზე შეუქმნეს:
„თითო ჭიქა წყალი მოგვცეს. არ გვიშვებდნენ ქალების საპირფარეშოში – მამაკაცებისაში შედით და იქ დალიეთ წყალიო“.
კრიზისული ცენტრის SOS ინფორმაციით, რომელიც დაზარალებულებს დახმარებას უწევს, დები ახლა შედარებით უსაფრთხო ადგილას იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე, მიუხედავად იმისა, რომ გოგონების ახლობლები დაიმუქრნენ, რომ მათ საზღვრის გადაკვეთისას ოჯახის სხვა წევრები დახვდებოდნენ.
უკვე საქართველოში გადმოსული გოგონები ყვებიან, რომ თავს მშვიდად და უსაფრთხოდ გრძნობენ. ყვებიან იმასაც, რომ გამუდმებით განიცდიდნენ ძალადობას მშობლების და ძმების მხრიდან, მუდმივად ფიქრობდნენ გაქცევაზე, თუმცა ბოლო წვეთი ოჯახის გადაწყვეტილება გახდა, ერთ–ერთი მათგანი ბიძაშვილზე იძულებით დაექორწინებინათ. მათ გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა უფლებადამცველების დახმარებით შეძლეს.
„კაცები სვამენ, ღალატობენ, ეწევიან, მაგრამ მათ ყველაფერი ეპატიებათ, ჩვენ კი არა, რადგან ქალები ვართ. სკოლის დამთავრების უფლებაც არ მოგვცეს, „არ გჭირდება, მაინც ვერ იმუშავებ, გათხოვდები და ქმარი შეგინახავსო". როდესაც ჩემი გათხოვება გადაწყვიტეს, ჩემი აზრი არც აინტერესებდათ“,– იხსენებს ერთ–ერთი გოგონა.