მოსკოვში ბირთვული ომის შემთხვევისთვის თავშესაფრების მომზადება დაიწყეს – მედია
01/11/2022 11:12:39 მსოფლიო
მოსკოვის ხელისუფლებამ თავშესაფრების მოწყობა დაიწყო, მათ შორის ანტირადიაციულის, რომლებიც შექმნილია ბირთვული ომისთვის. ხამოვნიკში უკვე მომზადდა 30 თავშესაფარი, ჯამში 900-მდე თავშესაფარი მზადდება, – წერს „ბაზა“ წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, ზოგიერთ თავშესაფარში დამონტაჟებულია სკამები, ფარნები. მათთვის პირველადი სამედიცინო დახმარების ნაკრებია შეძენილი. დანარჩენებში აწყობენ საძილე ადგილებს, ამზადებენ სასმელ წყალს და წამლებს. ასევე არის სპეციალური თავშესაფრები - ანტირადიაციული. მათში დედაქალაქის მაცხოვრებლებს შეუძლიათ თავი დააღწიონ რადიაციის მავნე ზემოქმედებას ბირთვული დარტყმის დროს.
ამავე წყაროს ცნობით, ხელისუფლებამ თავშესაფრების მოწესრიგება ქალაქის სამსახურებს დაავალა. მენეჯერების თქმით, თავშესაფრები საექსპლუატაციოდ უკვე უნდა ყოფილიყო მზად. თუმცა, ზოგიერთის შემთხვევაში, ეს პრაქტიკულად შეუძლებელია – ისინი საჭიროებენ ძირითად რემონტს.
როგორც აღინიშნა, მოსკოვმა, სხვა რეგიონებსა და ქალაქებზე უფრო აქტიურად დაიწყო თავშესაფრების მომზადება უშიშროების საბჭოს მდივნის ნიკოლაი პატრუშევის მოწოდების შემდეგ. მერიამ, ფედერალურმა სტრუქტურებმა და დედაქალაქში რეგისტრირებულმა სახელმწიფო კომპანიებმა დაახლოებით 130 მილიონი რუბლი დახარჯეს თავშესაფრების მოწყობაზე მიმდინარე წლის იანვრიდან სექტემბრამდე. თუმცა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ხარჯები თითქმის ორჯერ მეტი იყო - დაახლოებით 250 მილიონი, – დათვალა Агентство–მ სახელმწიფო შესყიდვების მონაცემებზე დაყრდნობით. მიუხედავად ამისა, მოსკოვის ხელისუფლებამ თავშესაფრების მომზადებაზე მეტი დახარჯა, ვიდრე კალინინგრადმა, სანკტ-პეტერბურგმა, ნოვოსიბირსკმა, ეკატერინბურგმა, პერმმა, ტულამ, კრასნოდარმა და ბაშკირიამ ერთად.
ცნობისთვის: მოსკოვში გასაყიდი ძრავი ქონების რეკლამებში გამოჩნდა ცნობები თავშესაფრების შესახებ. ყველაზე ხშირად, ბინები თავშესაფრებით იყიდება დედაქალაქის ცენტრში, – აღნიშნავს „Осторожно, Москва». ერთ-ერთი მსგავსი წინადადება ასე გამოიყურება: სამოთახიანი ბინა ფრუნზენსკაიაზე 78 კვ. მ. ბომბის თავშესაფრით, რომელშიც შეგიძლიათ, ჩახვიდეთ შიდა კიბეებით, ხოლო სპეციალური გასასვლელით მოხვდებით მეტროში.


