
საქართველო ევროპის მედიაწიგნიერების ინდექსში ბოლო ადგილზეა – ანგარიში
01/11/2022 09:35:26 საზოგადოება
ევროპის 41 ქვეყანას შორის საქართველო მედიაწიგნიერების ინდექსში ბოლო ადგილზეა. მაქსიმალური 100 ქულიდან საქართველოს მხოლოდ 20 ქულა აქვს.
ავტორების თანახმად, კვლევამ აჩვენა, რომ ჩრდილოეთ და დასავლეთ ევროპის ქვეყნებს გაცილებით მეტად შეუძლიათ ყალბი ინფორმაციისგან თავის დაცვა, ვიდრე სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს.
კავკასიის სხვა ქვეყნები ჩამონათვალში არ ფიგურირებს. სიაში არ არის არც რუსეთი.
საქართველოს მეზობლებიდან კვლევაში მხოლოდ თურქეთი მოხვდა, რომელიც 11 ქულითა 36-ე ადგილზეა.
პირველ ხუთეულში შედიან ფინეთი, ნორვეგია, დანია, ესტონეთი და ირლანდია.
„ევროპული პოლიტიკის ინიციატივისა“ (EuP) და "სოფიის ღია საზოგადოების ინსტიტუტის" (OSIS) ანგარიში, რომელიც 2017 წლიდან ყოველწლიურად აფასებს ევროპის ქვეყნებში მედიაწიგნიერების დონეს, ოქტომბერში გამოქვეყნდა. ავტორთა ცნობით, ანგარიში შედგენილია მედიის თავისუფლების, განათლებისა და ხალხში ნდობის ინდიკატორების გამოყენებით. ამ მაჩვენებლებს შორის ყველაზე მეტი მნიშვნელობა ენიჭება მედიის თავისუფლებასა (Freedom House და რეპორტიორები საზღვრებს გარეშე) და განათლებას (PISA).
წლევანდელ რეიტინგებში ავტორებმა პირველად შეიყვანეს საქართველო.
„ღია საზოგადოება – საქართველოს“ ცნობით, მედიაწიგნიერება შეიძლება განვიხილოთ, როგორც, „ერთის მხრივ, ინფორმაციის უზარმაზარ ნაკადში ორიენტირების, ინფორმაციის გაფილტვრის და, მეორეს მხრივ, ახალი ინფორმაციის/ცოდნის შექმნისა და გაზიარების ინსტრუმენტი“.