„ინტენსიური კავშირი გვაქვს, ვისაც ტყვედ ჩაბარება სურს“: უკრაინაში გაგზავნილი რუსი პატიმრების ბედი
01/11/2022 09:03:58 მსოფლიო
რუსული ტელეგრამ–არხების ცნობით, 200–მდე პატიმარი, რომლებიც უკრაინის ომში გასაგზავნად გადაიბირეს და ამ მიზნით გაათავისუფლეს პატიმრობიდან, დეზერტირობისთვის დახვრიტეს. თუმცა Gulagu.net–ის დამფუძნებელი ვლადიმირ ოსეჩკინი, რომელიც, მათ შორის, პატიმართა უფლებებზე მუშაობს, ამბობს, რომ მოკლულთა რაოდენობა 400–ს აღემატება.
„თუმცა ამ დროისთვის დაზუსტებით იმის თქმა, რამდენი დაიღუპა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერიდან“ მათზე მიმაგრებული ზედამხედველებისა და ინსტრუქტორების ხელით და რამდენი ომში, არ შემიძლია. მაგრამ ზუსტებით ვიცით, რომ ევგენი პრიგოჟინის გუნდი [„ვაგნერის“ დამფუძნებელი] იყენებს არაპროცესუალურ ნორმებს: პატიმრებს ემუქრებიან დახვრეტით და ხვრეტენ კიდეც არა მხოლოდ დეზერტირობის მცდელობისთვის, არამედ ნებისმიერი ბრძანების შეუსრულებლობისთვის. ასევე დაზუსტებით ვიცით, რომ თუ პატიმრებს, რომლებიც ომში გაგზავნეს, აღმოუჩინეს ე.წ. „არასანქცირებული“ ტელეფონი, სასტიკად სცემენ ან კლავენ. მათ თვეში მხოლოდ ერთხელ აძლევენ ზარის უფლებას და ისიც კონტროლირებადი ტელეფონიდან, რომელთაც სპეცსამსახურები უსმენენ. ბოლო ერთი კვირაა, ჩვენს „ცხელ ხაზზე“ მომართვიანობა საოცრად გაიზარდა. ვცდილობთ, ყველაფრის დოკუმენტირება მოვახდინოთ. ინფორმაციის მხოლოდ ნაწილს ვასაჯაროებთ, როდესაც წყაროს გამჟღავნების რისკი აღარაა. ინტენსიურად ვართ კონტაქტზე პირებთან, რომლებიც დონეცკსა და ლუგანსკში იმყოფებიან და რომელთაც ძალიან სურთ, უკრაინულ მხარეს ჩაბარდნენ ტყვედ „შეინარჩუნე სიცოცხლე“ პროგრამის ფარგლებში, მაგრამ აქაც პრობლემაა: ერთია, როდესაც მობილიზებულები რეკავენ და თანამშრომლობენ. იქ აუცილებელია შენი მონაცემები დატოვო უკუკავშირისთვის. საომარი მოქმედებების ზონაში გაგზავნილ პატიმრებს კი არ აქვთ მუდმივი ტელეფონის ნომერი. როდესაც ისინი რეკავენ ცხელ ხაზზე, ეუბნებიან, „თუ არ ხართ სამხედრო და მობილიზებული, პროგრამის ფარგლებში ვერ ხდებითო“. ამდენად, უახლოეს დღეებში კიდევ გავარკვევთ, რა ხდება, რომ დავეხმაროთ, ჩაბარდნენ. თუმცა აქ სხვა პრობლემაცაა: პატიმრებს ძირითადად გზავნიან იმგვარ პოზიციებზე, რომლებთანაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს რამდენიმე კილომეტრი აშორებს. იქ უკრაინელები საშუალო რადიუსზე მოქმედ იარაღს იყენებენ, პატიმრებს კი ხელთ მხოლოდ ავტომატები აქვთ. რომც სცადონ, ხელებაწეულები გაიქცნენ უკრაინელების პოზიციების მიმართულებით, არსებობს მაღალი ალბათობა, რომ მათ ზურგიდან ესვრიან უკანონო შეიარაღებული ფორმირების წევრები, რომელთაც კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“ უწოდებენ“,– ჰყვება ოსეჩკინი.
უკრაინაში რუსეთის მიერ ომის გაჩაღებს შემდეგ, რუსეთში პატიმართა გადაბირება დაიწყო. ჯერ გავრცელდა ცნობები, ხოლო შემდეგ ვიდეოც, რომ კოლონიებში ამ მიზნით პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენი პრიგოჟინი შედის და მათ შორის, პირებს, რომელთაც მრავალწლიანი სასჯელი აქვთ მისჯილი მძიმე დანაშაულისთვის, სასჯელისგან გათავისუფლებას სთავაზობს ომში წასვლის სანაცვლოდ. თუმცა, როგორც უფლებადამცველები იუწყებოდნენ, იურიდიულად პატიმართა საომარი მოქმედებების ზონაში ყოფნა არაა გაფორმებული. მათ მაგალითად მოჰყავდათ სამი დაჭრილი პატიმრის ისტორია, რომლებიც საავადმყოფოში მეტსახელით გააფორმეს. უფლებადამცველები პატიმრებსა და მათ ოჯახის წევრებს აფრთხილებენ, რომ ისინი ამ პირობებში ვერ შეძლებენ ომში მონაწილეობის დადასტურებას და კომპენსაციის მიღებას დაღუპვის შემთხვევაში.


