რა პირობები დაუსახელა ლავროვმა ჩავუშოღლუს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის განახლების სანაცვლოდ
01/11/2022 08:44:52 მსოფლიო
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, ლავროვი ჩავუშოღლუს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმების განახლების პირობებზე ესაუბრა.
"ლავროვმა თურქ კოლეგას განუცხადა, რომ შავი ზღვის უსაფრთხოების დერეფანში უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემების გადაადგილება მხოლოდ კიევის აუცილებელი გარანტიების შემთხვევაში განახლდება. ლავროვმა განუცხადა ჩავუშოღლუს, რომ კიევმა უნდა უზრუნველყოს, რომ იგი არ გამოიყენებს ჰუმანიტარულ დერეფანს და უკრაინის პორტებს რუსეთის წინააღმდეგ ქმედებებისთვის", – იუწყება რუსეთის საგარეო უწყება.
გუშინ აღნიშნულ საკითხზე სატელეფონო საუბარი თურქეთისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრებს შორისაც გაიმართა. თურქეთმა რუსეთს მარცვლეულის შეთანხმების არგაგრძელების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდა.
თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ შავი ზღვის უსაფრთხოების დერეფანში, რომელიც შეიქმნა უკრაინიდან მარცვლეულით დატვირთული გემების ტრანსპორტირებისთვის, გადაადგილება დროებით აკრძალა:
„მიუღებელია გემების გადაადგილება შავი ზღვის უსაფრთხოების დერეფნის გავლით, რადგან უკრაინის ხელმძღვანელობა და უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობა მას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების ჩასატარებლად იყენებს".
ცნობისთვის: 29 ოქტომბერს რუსეთმა გამოაცხადა, რომ უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით განახორციელა „ტერორისტული შეტევა“ სევასტოპოლში მყოფ რუსულ სამხედრო და სამოქალაქო გემებზე, რის გამოც შეთანხმების შესრულებას აჩერებს. მანამდე რუსეთი სხვადასხვა საბაბით, არაერთხელ დაიმუქრა უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შეზღუდვით.
31 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინა, თურქეთი და გაერო უკრაინული მარცვლეულით დატვირთული 16 გემის გადაადგილების გეგმაზე რუსეთის გარეშე შეთანხმდნენ.
უკრაინამ და რუსეთმა თურქეთის და გაეროს შუამავლობით 22 ივლისს სტამბოლში მიაღწიეს შავი ზღვით, უკრაინიდან მსოფლიოში ხორბლის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის ექსპორტის განახლების შეთანხმებას. გემების კონტროლისა და უსაფრთხო ნაოსნობისთვის სტამბოლში გაიხსნა უკრაინის, რუსეთის, თურქეთის და გაეროს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სპეციალური საკოორდინაციო ცენტრი.


