მედია – აზერბაიჯანის და სომხეთის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ყარაბაღის კონფლიქტის მოსაგვარებლად ძალას არ გამოიყენებენ
01/11/2022 05:58:47 მსოფლიო
სოჭში კრემლის ინიციატივით გამარულ შეხვედრაზე აზერბაიჯანის და სომხეთის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ყარაბაღის კონფლიქტის მოსაგვარებლად ძალას არ გამოიყენებენ, – იუწყება რუსული მედია.
მისი ცნობით, რუსეთმა, სომხეთმა და აზერბაიჯანმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ვალდებულება შეასრულონ 2020 წლის შეთანხმება.
"შევთანხმდით, რომ თავს შევიკავებთ ძალის გამოყენებისგან ან ძალის გამოყენების მუქარისგან, ყველა პრობლემატურ საკითხს განვიხილავთ და გადავჭრით მხოლოდ სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ხელშეუხებლობის ორმხრივი აღიარების საფუძველზე", -იტყობინება რუსული მედია.
გუშინ სოჭში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა,
ცნობისთვის: 2020 წლის შემოდგომაზე განახლებული ომის შემდეგ, აზერბაიჯანმა და სომხეთმა რუსეთის შუამავლობით გააფორმეს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შეთანხმება. დოკუმენტის თანახმად, რომელმაც ერევანში ოპოზიციის პროტესტი გამოიწვია, ბაქომ დაიბრუნა მთიანი ყარაბაღის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი. ხსენებული პერიოდის შემდეგ რეგიონში რუსეთის სამშვიდობო ძალები განთავსდა.


