მედია – რუსეთის გაფრთხილების მიუხედავად, შავი ზღვის უსაფრთხოების დერეფანში უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემები კვლავ გადაადგილდებიან
31/10/2022 20:02:36 მსოფლიო
რუსეთის გაფრთხილების მიუხედავად, შავი ზღვის უსაფრთხოების დერეფანში უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემები კვლავ გადაადგილდებიან, – იუწყება CNN.
"სატელიტური და სხვა გადაზიდვების მონაცემები აჩვენებს, რომ ათამდე ხომალდი კვლავ იყენებს დერეფანს, მიუხედავად რუსეთის გაფრთხილებისა, რომ ამის გაკეთება "სარისკო" იქნებოდა", – იტყობინება გამოცემა.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ცოტა ხნის წინ ესაუბრა გაერო–ს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერეშს და დაადასტურა უკრაინის ერთგულება მარცვლეულის შეთანხმებისადმი.
მანამდე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ შავი ზღვის უსაფრთხოების დერეფანში, რომელიც შეიქმნა უკრაინიდან მარცვლეულით დატვირთული გემების ტრანსპორტირებისთვის, გადაადგილება დროებით აკრძალა:
„მიუღებელია გემების გადაადგილება შავი ზღვის უსაფრთხოების დერეფნის გავლით, რადგან უკრაინის ხელმძღვანელობა და უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობა მას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების ჩასატარებლად იყენებს".
ცნობისთვის: 29 ოქტომბერს რუსეთმა გამოაცხადა, რომ უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით განახორციელა „ტერორისტული შეტევა“ სევასტოპოლში მყოფ რუსულ სამხედრო და სამოქალაქო გემებზე, რის გამოც შეთანხმების შესრულებას აჩერებს. მანამდე რუსეთი სხვადასხვა საბაბით, არაერთხელ დაიმუქრა უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შეზღუდვით.
დღეს ცნობილი გახდა, რომ უკრაინა, თურქეთი და გაერო უკრაინული მარცვლეულით დატვირთული 16 გემის გადაადგილების გეგმაზე რუსეთის გარეშე შეთანხმდნენ.
უკრაინამ და რუსეთმა თურქეთის და გაეროს შუამავლობით 22 ივლისს სტამბოლში მიაღწიეს შავი ზღვით, უკრაინიდან მსოფლიოში ხორბლის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის ექსპორტის განახლების შეთანხმებას. გემების კონტროლისა და უსაფრთხო ნაოსნობისთვის სტამბოლში გაიხსნა უკრაინის, რუსეთის, თურქეთის და გაეროს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სპეციალური საკოორდინაციო ცენტრი.


