თურქეთი აშშ-ს რუსეთის წინააღმდეგ ზებგერითი ფრთოსანი რაკეტების გაშლას სთავაზობს
31/10/2022 17:07:07 მსოფლიო
საინტერესო წინადადებამ გაიჟღერა ამ დღეებში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის (ნატო) სამხრეთ-აღმოსავლეთ ფლანგიდან, კერძოდ, თურქეთის მხრიდან. ატლანტიკურ საბჭოში (ვაშინგტონი) ქვეყნის წარმომადგენელმა, ნატო-ს სამხრეთ-აღმოსავლეთ ფლანგის საკითხთა კურატორმა ალპ სევიმლისოიმ გასული კვირის ბოლოს, თურქეთისა და ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ ბრიტანულ მედიაში გამოქვეყნებულ სტატიაში რამდენიმე საყურადღებო განცხადება გააკეთა, მათ შორის აღნიშნა, რომ “ნატო-მ უნდა შეცვალოს თავისი სტრატეგია ხმელთაშუა ზღვის რეგიონში, სადაც თურქეთს სურს და მზადაა, წამყვანი როლი შეასრულოს”.
ამ მიზნით ანკარა ხსენებულ რეგიონში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის “ახალი ბირთვის, ან, თუ საჭირო გახდება, ახალი კავშირის ჩამოყალიბების” ინიციატივით გამოდის, რომელიც პერსპექტივაში – ჩინეთის, ამ ეტაპზე კი პუტინის რუსეთის შეკავებაზე იქნება მიმართული, - განაცხადა სევიმლისოიმ.
როგორც თურქეთის წარმომადგენელმა აღნიშნა, ნატო-ში სადღეისოდ სულ სამი სახელმწიფოა, რომელთაც ძალუძთ, რეალურად აწარმოონ სამხედრო მოქმედებები და სამხედრო ძალის პროექცირება მოახდინონ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში: აშშ, ბრიტანეთი და თურქეთი. “სწორედ ისინი წარმოადგენენ იქ სამხედრო ბირთვს და თურქეთს სურვილი აქვს, ამ კუთხით უფრო წონადი როლი შეასრულოს” – აღნიშნა ატლანტიკურ საბჭოში ანკარის წარმომადგენელმა.
მან დასავლეთის სტრატეგიაში ჩინეთის წინააღმდეგ ხუთი ანგლოსაქსური ქვეყნის – აშშ-ის, ბრიტანეთის, კანადის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ძალისხმევების ბოლოდროინდელ გაერთიანებაზე მიუთითა და განაცხადა, რომ მიზანშეწონილია, მათ თურქეთიც შეუერთდეს ხმელთაშუა ზღვის რეგიონში ამ ბლოკის პოზიციების გასამყარებლად, რათა რუსეთს, მისი დახმარებით კი ჩინეთს იქ ფეხის მოკიდების შესაძლებლობა არ მიეცეთ.
“ამ მიმართულებით სვლა შეიძლებოდა, დაგვეწყო, მაგალითად, სადაზვერვო ინფორმაციის უფრო აქტიური და მჭიდრო გაცვლით. მაგრამ ამას, თანაც რაც შეიძლება, მალე უნდა მოჰყვეს ამ რაიონში აშშ-ის ზებგერითი ფრთოსანი რაკეტების გაშლა პუტინის რუსეთის შესაკავებლად” – განაცხადა სევიმლისოიმ.
მან უარყო ანკარისა და მოსკოვის დაახლოება, რომელზეც ბოლო დროს ხშირად საუბრობდნენ თურქეთისა და რუსეთის ლიდერების კონტაქტების გათვალისწინებით და განაცხადა, რომ “ახალ სტრატეგიულ, უზენაეს ძალად ხმელთაშუა და შავი ზღვის რეგიონებში თურქეთი ჩამოყალიბდა”.


