ნორვეგიას შეიარაღებული ძალები მაღალი მზადყოფნის რეჟიმში გადაჰყავს
31/10/2022 16:07:21 მსოფლიო
უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ნორვეგიას შეიარაღებული ძალები მაღალი მზადყოფნის რეჟიმში გადაჰყავს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტიორემ განაცხადა.
"მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს რუსეთის მხრიდან საფრთხის კონკრეტული მტკიცებულება, მზარდი დაძაბულობა ქვეყანას უფრო დაუცველს ხდის სხვადასხვა სახის საფრთხეების, სადაზვერვო ოპერაციების და გავლენების წინაშე", – აცხადებს პრემიერი.
მისი თქმით, მაღალი მზადყოფნის რეჟიმში 1 ნოემბრიდან ამოქმედდება.
გარდა ამისა, როგორც Reuters ნორვეგიის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდნობით იტყობინება, ნორვეგიის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობამ აშშ-ში დაგეგმილ სამხედრო სწავლებაში საკუთარი F-35-ებით მონაწილეობა გააუქმა, რადგან ამჟამად „ოსლოს ურჩევნია ისინი ნორვეგიაში იყოს“.
ამასთან, "ჩრდილოეთის ნაკადის" გაზსადენის აფეთქების შემდეგ ნორვეგიამ ქვეყნის შეიარაღებული ძალები გაგზავნა საკუთარი ნავთობის პლატფორმების დასაცავად.
რუსეთის ენერგომატარებლების აკრძალვის შემდეგ ნორვეგია ევროკავშირისთვის გაზის უმსხვილესი მიმწოდებელი გახდა.


